მთავარი გვერდი

Thursday, March 10, 2016

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა

 a-  A+ 
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების არსი არის ის, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელიც საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.
პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილის დაგეგმვისას, იმისათვის, რომ დაყენებული საკითხი, სიტუაცია პრობლემურად ჩაითვალოს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრობლემის გადასაჭრელადმოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს ნაცნობი სტრატეგია (ის ცოდნა და უნარ-ჩვევები), რომელსაც პირდაპირ გამოიყენებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემის შინაარსი არ უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის (სკოლაში ან რეალურ ცხოვრებაში მიღებულ) გამოცდილებას და ასაკით განპირობებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს. ამრიგად, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების იდეა, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ტიპის გაკვეთილისა, უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტიდან.
ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება:
  • განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი;
  • მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისას მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ამყარებს მიმართებას რამდენიმე ცნებას შორის და გამოაქვს დასკვნა და ა.შ.
  • ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა, ან პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება და ა.შ;
  • ასეთი სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეებში პირობისეული, ანუ ფუნქციური ცოდნის შეძენაზე.
პრობლემური ამოცანების სხვადასხვა ტიპი საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეებისგან შეიძლება შემდეგი ამოცანების გადაჭრას მოითხოვდეს:
  • არჩევნის გაკეთება: მაგალითად, არსებობს პრობლემის გადაჭრის გზის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, საიდანაც მოსწავლემ უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევნის გაკეთება, თუ რა საშუალებით წარმოადგინოს მიღებული/მოპოვებული მონაცემები. სარწმუნო შედეგის მისაღებად კონკრეტულ შემთხვევაში რა პირობებში სჯობს ექსპერიმენტის ჩატარება და ა.შ.
  • გადაწყვეტილების მიღება: ამოცანა მოსწავლისაგან მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას;
  • შედარება/შეპირისპირება: მოსწავლეს ევალება ობიექტებისა და მოვლენების აღწერა,  მათი დახასიათება და შედარება, მონაცემების შეჯერება;
  • დაკავშირება: მოსწავლეს მოეთხოვება სტრუქტურებსა თუ მოვლენებს შორის კავშირის დამყარება, თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციაში გამოყენება;
  • კანონზომიერების აღმოჩენა, დაკავშირება: მოსწავლეს მოეთხოვება მოვლენის, ფაქტების ან მონაცემების საფუძველზე გარკვეული კანონზომიერებების დადგენა;
  • ანალიზი და დასკვნა: მოსწავლეებს ევალებათ ჩატარებული კვლევა-ძიების, ექსპერიმენტების შედეგად მოპოვებული მონაცემების ანალიზი და მის საფუძველზე დასკვნების გაკეთება;
  • შემოქმედებითი მიდგომა: დავალება იძლევა სხვადასხვა ალტერნატიული გზით შესრულების საშუალებას ან არსებობს პასუხის სხვადასხვა ვარიანტი, საიდანაც მოსწავლეს მოეთხოვება გადაჭრის ორიგინალური გზის მოფიქრება.
რა სახით შეიძლება იქნეს წარდგენილი კლასის წინაშე პრობლემა საბუნებისმეტყველო  საგნების გაკვეთილებზე?  
  • კითხვის სახით;
  • სიტუაციური ამოცანა;
  • ექსპერიმენტი, ცდა (აქ იგულისხმება როგორც უშუალოდ მოსწავლის მიერ დაგეგმილი და პრაქტიკულად ჩატარებული ცდა, ასევე სიმულაციური პროგრამების მიხედვით დაგეგმილი ექსპერიმენტი და სხვის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემების ანალიზი და დასკვნის გამოტანა);
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სასწავლო პროექტი.
             ქვემოთ გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმას. ამ გაკვეთილზე პრობლემური საკითხი წარმოდგენილი იქნება სიტუაციური ამოცანის, ვირტუალური ექსპერიმენტის და კითხვის სახით. გეგმის წარმოდგენამდე ვირტუალური ექსპერიმენტის მაგალითზე გთავაზობთ, რა გზებს გაივლის მოსწავლე ეტაპობრივად პრობლემურ ამოცანაზე მუშაობის დროს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში რა დახმარება შეიძლება გაუწიოს მოსწავლეებს მასწავლებელმა.
თემა – ფოტოსინთეზის მიმდინარეობის პირობები
   პრობლემური ამოცანა/დავალება
წარმოიდგინეთ, რომ ხელთ გაქვთ: კომპიუტერი (პროცესორი, მონიტორი, სათანადო პროგრამა სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად), ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის სენსორები, ქილა, წყალი, პეტრის ჯამზე მოთავსებული წყლის მცენარე ელოდეა, პინცეტი, ელექტროლამფა, სხვადასხვა სიმძლავრის ნათურები (60, 100, 150 W).
  ამ აღჭურვილობის გამოყენებით დაგეგმეთ ვირტუალური ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: როგორ მოქმედებს განათების ინტენსივობა ფოტოსინთეზის სიჩქარეზე. ამისათვის:
  • განსაზღვრეთ ექსპერიმენტის პირობები – გეძლევათ არჩევნის უფლება, ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობის გამოსაკვლევად ფოტოსინთეზის რეაქციის საწყის ნივთიერებას შეარჩევთ თუ საბოლოო პროდუქტს;
  • შეარჩიეთ თქვენი არჩევნის შესაბამისი სენსორი;
  • მოცემულ ექსპერიმენტში განსაზღვრეთ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადი.
  • დაწვრილებით აღწერეთ ექსპერიმენტის ეტაპები;
  • გამოთქვით ვარაუდი, სინათლის ინტენსივობის ცვლილება როგორ იმოქმედებს თქვენ მიერ შერჩეული საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციაზე;
  • თქვენი ვარაუდით, მიღებული შედეგები დიაგრამის ან ცხრილის სახით გამოსახეთ და გამოიტანეთ დასკვნა.
პრობლემურ ამოცანაზე მუშაობის დროს მოსწავლე ეტაპობრივად გაივლის პრობლემის გადაჭრის შემდეგ გზებს:
  1. მოსწავლეების მიერ პრობლემის გააზრება. მოსწავლე დავალების შინაარსს ეცნობა და აყალიბებს პრობლემას – მოცემული აღჭურვილობის გამოყენებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვა, რომლის მიზანია: განათების ინტენსივობის გავლენის დადგენა ფოტოსინთეზის სიჩქარეზე;
  2. პრობლემის დანაწევრება და მათი პრიორიტეტებად დალაგება – 1) ექსპერიმენტის პირობების განსაზღვრა – ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე დასაკვირვებლად არჩევნის გაკეთება, რის მიხედვით დააკვირდება – საწყისი ნივთიერებების თუ საბოლოო პროდუქტების მიხედვით; 2)ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის სენსორებს შორის არჩევნის გაკეთება; 3) დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა; 4) ექსპერიმენტის სერიალების რაოდენობის განსაზღვრა; 5) ვირტუალური ექსპერიმენტის ეტაპების დაგეგმვა; 6) ვარაუდის გამოთქმა მოსალოდნელი შედეგების შესახებ; 7) მოსალოდნელი შედეგების მიხედვით ვირტუალური მონაცემების აღრიცხვის ფორმის არჩევა და წარმოდგენა; 8) მონაცემების ანალიზი და დასკვნის გაკეთება.
  • პრობლემების გადაწყვეტის მიზნით არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოძიება და შერჩევა –
  • ფოტოსინთეზის რეაქციის საწყისი ნივთიერებებისა და საბოლოო პროდუქტების გახსენება: 6CO2 + 6H2O     C6H12O6 + 6O2   საწყისი ნივთიერებებია წყალი და ნახშირორჟანგი, ხოლო საბოლოო პროდუქტები – გლუკოზა და ჟანგბადი.
  • რაც ინტენსიურად მიმდინარეობს ფოტოსინთეზი, გარემოდან მით მეტი ნახშირორჟანგი და წყალი შთაინთქმება და მით მეტი გლუკოზა და ჟანგბადი წარმოიქმნება.
  • გარემო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფოტოსინთეზის პროცესზე: სინათლე, ტენიანობა, ნახშიროჟანგი, ტემპერატურა. გარემოში განათებისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებას.
  • დაკვირვების ობიექტი, პროცესი, მოვლენა დამოკიდებული ცვლადია, ხოლო ფაქტორი – დამოუკიდებელი ცვლადი. რადგან ხდება კვლევა, თუ როგორ იცვლება ფოტოსინთეზის სიჩქარე განათების ინტენსივობის მიხედვით, ამიტომ ფოტოსინთეზის საწყისი ნივთიერების, ან საბოლოო პროდუქტის კონცენტრაცია იქნება დამოკიდებული ცვლადი, ხოლო განათება – დამოუკიდებელი.
  1. პრობლემის გადაჭრის მიზნით ალტერნატიული გზების ძიება. რადგან აღჭურვილობაში არის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის სენსორები, ამიტომ თუ ფოტოსინთეზის სიჩქარეზე დაკვირვება უნდა მოხდეს საწყისი ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილების მიხედვით, არჩევანი უნდა გაკეთდეს ნახშირორჟანგზე, მაგრამ თუ საბოლოო პროდუქტის კონცენტრაციის ცვლილების მიხედვით – ჟანგბადზე. შესაბამისად უნდა გაკეთდეს არჩევანი სენსორებზე.
  2. გადაწყვეტილების მიღება და გაზიარება. იმის გასარკვევად, თუ როგორ იცვლება ფოტოსინთეზის სიჩქარე განათების ინტენსივობის ცვლილებაზე დამოკიდებულებით, დავაკვირდეთ(ვთქვათ) წყალში საწყისი ნივთიერების ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებას და, შესაბამისად, გამოვიყენებთ ნახშირორჟანგის სენსორს. ამ შემთხვევაში დამოკიდებული ცვლადი იქნება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, ხოლო დამოუკიდებელი – განათების ინტენსივობა. განათების ინტენსივობის გაზრდით შემცირდება გარემოში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია. ექსპერიმენტის სერიალების რიცხვი იქნება სამი, რადგან აღჭურვილობაში სამი განსხვავებული სიმძლავრის ნათურა გვაქვს.
  3. პრობლემის გადაჭრის იდეის მოძიება, ჩამოყალიბება და წარდგენა – ვირტუალური ექსპერიმენტის ეტაპების დაგეგმვა, ვარაუდის მიხედვით ვირტუალური მონაცემების აღრიცხვა გრაფიკის სახით, მონაცემების ანალიზი და დასკვნის გაკეთება –
პროცედურის/ექსპერიმენტის ეტაპები:
  1. პეტრის ჯამიდან პინცეტით ვიღებთ წყლის მცენარე ელოდეას და ვათავსებთ ქილაში;
  2. ქილაში წყალს ვასხამთ ისე, რომ მცენარე მთლიანად დაიფაროს;
  3. ქილის გვერდზე ვათავსებთ ელექტროლამფას;
  4. ქილას ვახურავთ რეზინის საცობს და მისი ნასვრეტიდან ნახშირორჟანგის სენსორის მგრძნობიარე ნაწილს ვუშვებთ წყალში, ხოლო სენსორის მეორე ბოლოს ვუერთებთ კომპიუტერს;
  5. მეორე ნასვრეტს ვახშობთ, რათა გარემოდან ქილაში და ქილიდან გარემოში არ მოხდეს აირების მოძრაობა;
  6. ვრთავთ კომპიუტერს და ვუშვებთ შესაბამისს პროგრამას. სენსორი აღრიცხავს წყალში გახსნილ ნახშირორჟანგს ოთახის განათებაზე და მონიტორზე ჩნდება შესაბამისი მრუდი;
  7. ლამფას ვუკეთებთ მცირე სიმძლავრის ნათურას (60 W), ვანთებთ და ვაგრძელებთ მონიტორზე ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებას;
  8. ექსპერიმენტს ვატარებთ სამ ვარიანტად. თითოეულში ვიყენებთ სხვადასხვა სიმძლავრის ნათურას. ექსპერიმენტებს შორის ვიცავთ დროის ერთნაირ ინტერვალს (მაგალითად, 10 წთ.).
მონაცემების ანალიზი და დასკვნა: ექსპერიმენტის შედეგები წარმოვადგინეთ გრაფიკის სახით. გრაფიკი გვიჩვენებს, რომ განათების ინტენსივობის გაზრდით ნახშირორჟანგის კონცენტრაცია წყალში მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განათების ინტენსივობის გაზრდით იზრდება ფოტოსინთეზის სიჩქარე.
  შენიშვნა: თუ მოსწავლეებს გაუჭირდათ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოძიება და შერჩევა, მასწავლებელი სვამს კითხვებს:
  • რა არის ფოტოსინთეზი? გამოსახეთ ფოტოსინთეზის ქიმიური რეაქციის ჯამური ტოლობა.
  • რა არის ფოტოსინთეზის რეაქციის საწყისი ნივთიერებები?
  • რა არის ფოტოსინთეზის რეაქციის საბოლოო პროდუქტები?
  • გარემოს რა ფაქტორებია აუცილებელი ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვისათვის?
  • რის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე?
  • რა არის დამოკიდებული და რა – დამოუკიდებელი ცვლადი?
  • ცხრილის მარცხენა თუ მარჯვენა სვეტში უნდა აღინუსხოს დამოუკიდებელი ცვლადი?
  • გრაფიკის რომელ ღერძზე უნდა იქნეს დატანილი დამოკიდებული ცვლადი?
გთავაზობთ ზემოთ აღწერილი პრობლემური ამოცანის გათვალისწინებით სამოდელო გაკვეთილის გეგმას(დაწყვილებული გაკვეთილი)
საგანი – ბიოლოგია
კლასი – X
თემა – ფოტოსინთეზის მიმდინარეობის პირობები
კავშირი სტანდარტთან:
მიმართულება – ცოცხალი სამყარო
შედეგი: ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
ინდიკატორი: იკვლევს (ექსპერიმენტულად, მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სიმულაციური პროგრამების დახმარებით) გარემო ფაქტორების (სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია) გავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე.
მიმართულება – მეცნიერული კვლევა-ძიება.
შედეგი: კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
ინდიკატორები: განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს. განსაზღვრავს კვლევის პირობებს და ჩატარების ეტაპებს; არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს და ასაბუთებს არჩევანს; განსაზღვრავს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
შედეგი: კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ინდიკატორი: იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.
სასწავლო მიზანი
მოსწავლეები აღწერენ გარემო პირობებს, რომელიც გავლენას ახდენენ ფოტოსინთეზის პროცესზე.
მოსწავლეებმა შეძლებენ:
  • დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრებას, პრობლემის დანაწილებას და პრიორიტეტებად დალაგებას;
  • პრობლემების გადაწყვეტის მიზნით არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოძიებას და შერჩევას;
  • მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე გარემო ფაქტორების ფოტოსინთეზის პროცესზე გავლენის კვლევას;
  • ექსპერიმენტის პირობების განსაზღვრას;
  • დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრას;
  • კვლევისათვის საჭირო აღჭურვილობის არჩევას და არჩევანის დასაბუთებას;
  • სიმულაციური პროგრამის დახმარებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვას ფოტოსინთეზზე სინათლის ინტენსივობის გავლენის გამოკვლევის მიზნით;
  • ექსპერიმენტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვარაუდის გამოთქმას;
  • მონაცემების აღრიცხვის ფორმის არჩევას და წარმოდგენას;
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე დასკვნის გაკეთებას;
  • გრაფიკების გამოყენებას ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.
წინარე ცოდნა და გამოცდილება –
მოსწავლეებმა იციან: ფოტოსინთეზის პროცესის არსი, საწყისი ნივთიერებები და საბოლოო პროდუქტები, სინათლისა და სიბნელის ფაზაზე მიმდინარე პროცესები.
მოსწავლეებს შეუძლიათ: დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, ექსპერიმენტის დაგეგმვა, მონაცემების აღრიცხვა ცხრილების ან გრაფიკების სახით; გრაფიკებზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი.
საგანმანათლებლო რესურსები: მოსწავლის წიგნი, თაბახის ფურცლები მასზე მოცემული პრობლემური ამოცანით, ფლიპჩარტები, მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, PowerPoint-ის პროგრამაში მომზადებული საპრეზენტაციო მასალა.
გაკვეთილის მსვლელობა
  1. I. შესავალი (გამოწვევის ფაზა):
აქტივობა 1. (მეთოდი – სიტუაციურ ამოცანაზე მუშაობა; დრო – 10 წთ, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – მთელ კლასთან მუშაობა) მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე უჩვენებს სიტუაციურ ამოცანას – მეცნიერები იკვლევდნენ, როგორ არის დამოკიდებული მცენარეებში ნახშირწყლების სინთეზის ინტენსივობა ნალექების რაოდენობაზე. მათ გამოთვალეს ერთი წლის განმავლობაში 1მ2-ზე მცენარეში წარმოქმნილი ნახშირწყლების რაოდენობა მშრალ წონაზე გადაანგარიშებით. შედეგები გრაფიკზეა გამოსახული.
ეკრანზე გრაფიკის დემონსტრირების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
  • ეს გრაფიკი ასახავს ცვლადებს შორის დამოკიდებულებას. დაასახელეთ ეს ცვლადები. (ნალექების რაოდენობა და ნახშირწყლების რაოდენობა).
  • რომელია მათ შორის დამოკიდებული და რომელი დამოუკიდებელი ცვლადი? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი. (დამოკიდებული ცვლადია ნახშირწყლების რაოდენობა, ხოლო დამოუკიდებელი – ნალექების რაოდენობა, რადგან ნახშირწყლების რაოდენობა იცვლება ნალექების რაოდენობის ცვლილების შესაბამისად).
  • აღწერეთ, როგორ იცვლება ნახშირწყლების პროდუქტიულობა ნალექების მატებასთან ერთად. (თავდაპირველად ნახშირწყლების რაოდენობა მკვეთრად იზრდება ნალექის მატებასთან ერთად, ხოლო მას შემდეგ, რაც ნალექი 2500-2700 მმ-ს მიაღწევს, მისი მატების კვალდაკვალ ნახშირწყლების რაოდენობა თითქმის აღარ იზრდება).
  • გრაფიკზე მოცემული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა: წელიწადში ნალექების რა რაოდენობაა საჭირო, რომ ტყემ ნახშირწყლების მაქსიმალური რაოდენობა აწარმოოს?(ტყეს სჭირდება წელიწადში დაახლოებით 2500-2700 მმ წვიმა, რათა ნახშირწყლების მაქსიმალური რაოდენობა აწარმოოს).
mod1
  • რომელი პროცესის ინტენსივობას ასახავს ნალექებზე დამოკიდებულებით მცენარეების მიერ სინთეზირებული ნახშირწყლების რაოდენობის ცვლილება? (ფოტოსინთეზის)
mod2
  • როგორ ფიქრობთ, ტენიანობის გარდა, კიდევ გარემოს რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობაზე? (განათება, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია).
  • ფოტოსინთეზის პროცესში სინთეზირებული ნახშირწყლების გარდა, კიდევ რის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე? (გამოყოფილი ჟანგბადის, გარემოდან შთანთქმული ნახშირორჟანგის მიხედვით).
  1. ძირითადი ნაწილი (სიღრმისეული წვდომის ფაზა):
აქტივობა 2.( მეთოდი – ტექსტის გააზრებული კითხვა, დრო – 10 წთ., მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – წყვილებში მუშაობა): მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებზე დაწერილ ტექსტს და სთხოვს ყურადღებით გაეცნონ მასში მოცემულ ინფორმაციას (იხილეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი) და უპასუხონ კითხვებს: 1) აღწერეთ ხელსაწყო, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე თვალით უხილავ პროცესებზე დაკვირვებისათვის გამოიყენება. 2) აღწერეთ, როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენებით ფოტოსინთეზის პროცესზე დაკვირვება. მასწავლებელი მოსწავლეების პასუხების პარალელურად ეკრანზე (ან სახელმძღვანელოში) უჩვენებს ტექსტში აღწერილი აღჭურვილობის ფოტოებს.

ტექსტი: თანამედროვე ლაბორატორიაში არსებობს მრავალნაირი ხელსაწყო, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე საფუძვლიანი დაკვირვების საშუალებას იძლევა. ხელსაწყოები მეტად მგრძნობიარეა (მათ სენსორებს უწოდებენ) და შეუძლიათ დააფიქსირონ უჯრედში
mod3mod4
(ორგანიზმში) მიმდინარე თვალით უხილავი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები. ხელსაწყოებს აქვს მონაცემების დამუშავების პროგრამებიც, რაც მკვლევრებს მიღებული მონაცემების ანალიზს უადვილებს. ამისათვის სენსორის მგრძნობიარე ნაწილს ათავსებენ საკვლევ სითხეში (გარემოში), მეორე ბოლოთი კი სენსორს უერთებენ კომპიუტერის პროცესორს. სენსორი აღრიცხავს გარემოში საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილებას, მონაცემებს სათანადო პროგრამით გადაამუშავებს პროცესორი და კომპიუტერის მონოტორზე გამოისახება ამ ნივთიერების კონცენტრაციის ცვლილება დიაგრამის ან ცხრილის სახით.
ხშირ შემთხვევაში, პროცესის შესახებ მისი საწყისი ან საბოლოო პროდუქტის მიხედვით მსჯელობენ ხოლმე. ასეა გარემო ფაქტორებზე  ფოტოსინთეზის  ინტენსივობის დამოკიდებულების კვლევის დროსაც.  ფოტოსინთეზზე დასაკვირვებლად იყენებენ წყალმცენარეებს ან წყლის მცენარეებს. მათ ათავსებენ მინის ან გამჭვირვალე პლასტმასის ქილაში და მთლიანად ფარავენ წყლით. ქილას მჭიდროდ ახურავენ რეზინის სახურავს, რომელსაც აქვს ნასვრეტები სენსორების მგრძნობიარე ნაწილის ქილაში ჩასაშვებად.
ექსპერიმენტის ცალკეულ სერიებში ცვლიან ფოტოსინთეზის მიმდინარეობისათვის აუცილებელ პირობებს/ფაქტორებს და აკვირდებიან როგორ იცვლება ფოტოსინთეზის ინტენსივობა. მიღებული შედეგების ანალიზს იყენებენ ფაქტორსა და ფოტოსინთეზს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.
აქტივობა 3. (მეთოდი – სიმულაციური პროგრამის დახმარებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვა, დრო –35 წთ., მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ჯგუფური). მასწავლებელი კლასს ჰყოფს 4-5 კაციან ჯგუფებად და მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს, რომელზედაც მოცემულია დავალება და ამ აქტივობის შეფასების რუბრიკა.  მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, შეასრულონ დავალება, ფლიპჩარტებზე მოამზადონ პრეზენტაცია შეფასების რუბრიკის მიხედვით და გააკეთონ პრეზენტაციები. პრეზენტაციები არის ინტერაქტიური.
დავალება – წარმოიდგინეთ, რომ ხელთ გაქვთ: კომპიუტერი (პროცესორი, მონიტორი, სათანადო პროგრამა სენსორებიდან მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად), ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის სენსორები, ქილა, წყალი, პეტრის ჯამზე მოთავსებული წყლის მცენარე ელოდეა, პინცეტი, ელექტროლამფა, სხვადასხვა სიმძლავრის ნათურები (60, 100, 150 W).
  ამ აღჭურვილობის გამოყენებით დაგეგმეთ ვირტუალური ექსპერიმენტი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას: როგორ მოქმედებს განათების ინტენსივობა ფოტოსინთეზის სიჩქარეზე. ამისათვის:
  • განსაზღვრეთ ექსპერიმენტის პირობები, რისთვისაც გეძლევათ არჩევნის უფლება, ფოტოსინთეზის პროცესის ინტენსივობის გამოსაკვლევად ფოტოსინთეზის რეაქციის საწყის ნივთიერებას შეარჩევთ თუ საბოლოო პროდუქტს;
  • შეარჩიეთ თქვენი არჩევნის შესაბამისი სენსორი;
  • მოცემულ ექსპერიმენტში განსაზღვრეთ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადი;
  • დაწვრილებით აღწერეთ ექსპერიმენტის ეტაპები;
  • გამოთქვით ვარაუდი, როგორ იმოქმედებს სინათლის ინტენსივობის ცვლილება თქვენ მიერ შერჩეული საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციაზე;
  • თქვენი ვარაუდით მიღებული შედეგები დიაგრამის ან ცხრილის სახით გამოსახეთ და გამოიტანეთ დასკვნა.
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმებიშეფასების ქულა
დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრება, პრობლემის დანაწილება და პრიორიტეტებად დალაგება;

2
ექსპერიმენტის პირობების განსაზღვრა;

1
დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა;

1
კვლევისათვის საჭირო აღჭურვილობის არჩევა და არჩევანის დასაბუთება;

1
სიმულაციური პროგრამის დახმარებით ვირტუალური ექსპერიმენტის დაგეგმვა ფოტოსინთეზზე სინათლის ინტენსივობის გავლენის გამოკვლევის მიზნით;

2
ექსპერიმენტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვარაუდის გამოთქმა;

1
მონაცემების აღრიცხვის ფორმის არჩევა და წარმოდგენა;

1
მონაცემების ანალიზის საფუძველზე დასკვნის გაკეთება.

1
შენიშვნა: სასურველია, კლასში ისე დაიგეგმოს ექსპერიმენტი, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა ფოტოსინთეზზე დაკვირვებისათვის შეარჩიოს საწყისი ნივთიერება, ზოგმაც – საბოლოო პროდუქტი. თუ ასე არ მოხდა, მასწავლებელმა პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეები მეორე ვარიანტზეც აუცილებლად უნდა ამსჯელოს.
აქტივობა 4. (10 წთ.) პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ თვითშეფასებას შეფასების რუბრიკის მიხედვით. მასწავლებელი აძლევს ზეპირ განმავითარებელ შეფასებას.
 III. დასკვნითი ნაწილი (რეფლექსიის ფაზა):
აქტივობა 5. (მეთოდი – სხვის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მონაცემების ანალიზი, დრო – 10 წთ.,მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – მონაწილეობს მთელი კლასი). მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს გრაფიკს და მოსწავლეებს ამცნობს, რომ გრაფიკი გვიჩვენებს ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობას  დღის სხვადასხვა მონაკვეთში. მონაცემები აღებულია არიზონის საგანმანათლებლო ცენტრში. შემდეგ სვამს კითხვებს:
  • როგორი ურთიერთკავშირია დღის მონაკვეთსა და ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობას შორის? (დილის 8 საათიდან ნაშუადღევის 16 საათამდე ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში მკვეთრად მცირდება, ხოლო საღამოს 18 საათის შემდეგ იზრდება).
  • გამოიყენეთ ფოტოსინთეზის პროცესის ცოდნა და ახსენით მიღებული შედეგები.(დღის სინათლეზე ფოტოსინთეზის პროცესში გარემოდან ხდება ნახშირორჟანგის შთანთქმა. ამ პროცესის ინტენსივობა მკვეთრადაა დამოკიდებული განათების ინტენსიობაზე. განათების ინტენსივობა დილის 7-8 საათიდან იმატებს, საღამოს საათებში კი იკლებს, ამიტომ დღის განმავლობაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა ჯერ მცირდება, მერე კი იზრდება).
გრაფიკი. CO2-ის დონის ცვლილება ჰაერში დღე-ღამის განმავლობაში
mod5
აქტივობა 6. (მეთოდი: გრაფიკზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი; დრო – 10.წთ.; მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – მუშაობა წყვილებში). მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას (თუ ქვემოთ აღწერილი გრაფიკი და დავალება სახელმძღვანელოში არ არის მოცემული, მასწავლებელი მას ეკრანზე უჩვენებს).
დავალება: დააკვირდით გრაფიკს და განსაზღვრეთ, რას აღნიშნავს ამ მრუდზე: ა) G წერტილი? (ფოტოსინთეზისათვის ყველაზე ხელსაყრელ განათების ინტენსივობას);  ბ) D წერტილი? (ფოტოსინთეზის მაქსიმალურ სიჩქარეს); გ) AC უბანი? (ფოტოსინთეზის სიჩქარის ინტენსიურ ზრდას); CB უბანი?(ფოტოსინთეზის სიჩქარე აღარ იზრდება); დ). როგორ ფიქრობთ, განათების ინტენსივობის გაზდით რატომ არ იზრდება უსასრულოდ ფოტოსინთეზის სიჩქარეც?
 mod6
მასწავლებელს საჭიროების შემთხვევაში ქვეკითხვების დასმით მოსწავლეები მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ ფოტოსინთეზის სიჩქარის ზრდის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან მაღალ განათებაზე ქლოროფილი იწყებს დაშლას. მასწავლებელი აჯამებს: თუმცა არიან მცენარეები, რომლებიც უძლებენ განათების მაღალ ინტენსივობას; ამავე დროს ბუნებაში არსებობენ ჩრდილის მოყვარული მცენარეებიც.
ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.
აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა (დრო 5 წთ.) – პრობლემური კითხვა: რაში გამოიხატება სინათლისა და ჩრდილის მცენარეებში ფოთლების გარეგანი და შინაგანი აგებულების შეგუება/ადაპტაცია მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში არსებული სინათლის ინტენსივობასთან?
შენიშვნა: ამ პრობლემურ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს მოუწევთ დამატებითი ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო ლიტერატურაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2007;
  2. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2008;
  3. სწავლება და შეფასება, დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008;
  4. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, II ნაწილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016;
  5. ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი – ბიოლოგია X კლასი, „ტრიასი“, 2012;
  6. მარინა სეხნიაშვილი, მალხაზ მაყაშვილი – ბიოლოგია X კლასი, „კლიო“, „მერიდიანი“, 2012;
  7. Д. Тейлор, Н. Грин, У. Стаут – Биология, Том 1, Москва „МИР“, 2004;
  8. Stephen Nowicki – Biology, Houghton Miffin Harcourt Publishing Company, 2012.

Tuesday, March 8, 2016

შებრუნებული საკლასო ოთახი

შეტრიალებული საკლასო ოთახი

 a-  A+ 
მოწინავე დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს არის  სივრცე,  რომელიც ყოველთვის ღიაა საკმაოდ თამამი ექსპერიმენტებისათვის. ხდება სწავლების ახალი ინტერაქტიური მეთოდების კრიტიკული შესწავლა, წარმოებული კვლევებით დგინდება ახალი მიდგომების ეფექტურობა, დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში სიახლეები საგანმანათლებლო სისტემებში ინერგება. თუმცა უპირობო ენთუზიაზმით სიახლეებს არსად ხვდებიან. ცნობილია, რომ სიახლეების მოყვარულები ყოველთვის უმცირესობაში არიან. როგორც ხდება ხოლმე თავდაპირველად  ცოტა თუ იზიარებს ახალ შეხედულებებს, შემდეგ მათი რიცხვი თანდათან იზრდება. (უპირობო ენთუზიასტები ნებისმიერ საზოგადოებაში მხოლოდ 5-10%-ია). ამგვარად, ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვას ყველგან წლები სჭირდება. 
ცოტა ხნის წინ პესტალოცის პროგრამით ესტონეთში გახლდით. რამდენიმე ლექცია სწავლა-სწავლების თანამედროვე ტენდენციებს დაეთმო. დღეს თქვენს ყურადღებას იქ განხილულ ერთ  მეთოდზე  მივაპყრობ, რომელიც სემინარზე დაწვრილებით არ განხილულა (ამიტომ დამატებითი ინფორმაციაც მოვიძიე), თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო საინტერესოდ მომეჩვენა და დღევანდელი სტატიის თემადაც შევარჩიე. მეთოდი უპირველესად  ორიგინალური, ამასთან საკმაოდ გამომწვევია. მიმაჩნია, რომ იგი არ შეიცავს გაუმართლებელ რისკებს. ამასთანავე მასწავლებელს შეუძლია იგი გამოიყენოს როგორც ტექნოლოგიების დახმარებით, ასევე მათ გარეშეც. თუმცა სრულყოფილი სახით ამ მეთოდით სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულ მეთოდს ინგლისურად „flipped classroom” ეწოდება, ხოლო ქართულად მას „შეტრიალებული სასწავლო პროცესი” შეიძლება ვუწოდოთ. 
შეტრიალებული სასწავლო პროცესი ნიშნავს ისეთ სწავლებას, როცა მოსწავლეები ახალ მასალას კლასის მიღმა ეცნობიან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ კითხულობენ ახალ მასალას ან უყურებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ვიდეო-ლექციას, ხოლო საკლასო დროს უფრო რთული აქტივობების შესასრულებლად იყენებენ. მაგ; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, დისკუსია, დებატები, ექსპერიმენტები და ა.შ. შეტრიალებული სასწავლო პროცესი ითვლება კონსტრუქციულ პედაგოგიკად, რომელიც ქმნის ნიადაგს  პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნისათვის. იგი ფოკუსირებულია ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება. თუ შეტრიალებულ სასწავლო პროცესს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები დაბალი დონის (ცოდნა და გაგება) შესატყვის მოქმედებებს სკოლის გარეთ ახდენენ, ხოლო გაკვეთილზე მაღალი კოგნიტური უნარების განვითარება ხდება (გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება). წესისამებრ, შეტრიალებული სასწავლო პროცესი არ იყენებს ინდივიდუალურ მუშაობას. ყველაზე მისაღებ ფორმად წყვილებში მუშაობა ითვლება. ეს მეთოდი დიდად განსხვავდება ტრადიციული სწავლებისაგან, როცა ახალი მასალა მოსწავლეს აუცილებლად გაკვეთილზე მიეწოდება, ხოლო ახალი ცოდნის ასიმილაცია საშინაო დავალებით ხდება.
შეტრიალებული საკლასო ოთახი ცვლის როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების როლებს, მათ მოლოდინებს. მოსწავლეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი  სწავლის პროცესზე. ტრადიციული  ლექციის ნაცვლად დროდადრო მათ საშუალება ეძლევათ ინფორმაცია ალტერნატიული გზებით მიიღონ და საგაკვეთილო დრო  საინტერესო აქტივობებს დაუთმონ. ამ მეთოდით სწავლებისას მასწავლებელი ბუნებრივად ირგებს ფასილიტატორის და მოდერატორის როლს. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ისინი უფრო თამამად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, თანაკლასელების ან მასწავლებლის დახმარებით ძალდაუტანებლად ასწორებენ შეცდომებს, ახდენენ არასწორი წარმოდგენების რევიზიას, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება.  
შეტრიალებული სასწავლო პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიები, რომელიც მრავალმხრივ შეიძლება იქნეს გამოყენებული. მოსწავლეები მათი დახმარებით ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, უკეთ განსაზღვრავენ სწავლის მათთვის ყველაზე სასურველ  ხერხს (მაგ; ლექცია, კითხვა, ინტერაქტიური მულტიმედია). ეცნობიან რა სასწავლო მასალებს სხვადასხვა ფორმატში, შეუძლიათ  უკეთ მიუსადაგონ სწავლის მათთვის სასურველ სტილს (მაგ. ტექსტი, ვიდეო, აუდიო, მულტიმედია). შეტრიალებული სწავლება საკლასო ოთახში ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს დისკუსიებისა და ინტერაქციისათვის.  შესაძლებელი ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მონაცემების უფრო სრულყოფილად დაფიქსირება, მოსახერხებელია მათი პროგრესის ანალიზის ჩასატარებლად, ის აგრეთვე ახდენს რისკის ჯგუფში არსებული მოსწავლეების იდენტიფიკაციას. შეტრიალებული სასწავლო პროცესი თავიდან განსაკუთრებით პოპულარული ჰუმანიტარულ საგნებში გახდა. მოგვიანებით მისი აქტიურად გამოყენება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებშიც აქტიურად დაიწყეს. 
მეთოდის ავტორებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მოსწავლეები გაკვეთილისათვის    სათანადოდ მომზადებულიყვნენ, რათა საკლასო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ამისათვის მათ შექმნეს სპეციალური ფორმები (სამუშაო ფურცლები), რომელთა დახმარებით  მოსწავლეები  ახალი მასალის პრიორიტეტულ საკითხებს შეისწავლიან (კითხვებზე პასუხის გაცემა, პრობლემების გამოკვეთა და სხვა). თეორეტიკოსები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სწავლების შეტრიალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასარგებლო, თუ მოსწავლეები წინასწარ საფუძვლიანად მოემზადებიან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ნაყოფიერი ის მრავალფეროვანი აქტივობები (დებატები, დისკუსიები, ექსპერიმენტები), რომლებიც გაკვეთილზე უნდა წარიმართოს.
შეტრიალებული საკლასო ოთახის თეორეტიკოსები ჯონ ბრენსფორდი, ენ ბრაუნი, როდნი კოკინგი თავიანთ ერთობლივ ნაშრომში, რომელსაც „როგორ სწავლობენ ადამიანები” ჰქვია, ასახელებენ სწავლა-სწავლების მეცნიერების სამ მთავარ მიმართულებას. „იმისათვის რომ მოსწავლეებს კვლევის უნარი განუვითარდეთ საჭიროა: ა)  ფაქტობრივი მასალის საფუძვლიანი ცოდნა; ბ) ფაქტებისა და იდეების გაგება კონტექსტში; გ) ცოდნის ორგანიზების ისეთი უნარი, რომელიც განაპირობებს მის ტრანსფორმაციას და შემდგომში გამოყენებას”. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შეტრიალებული საკლასო ოთახი კარგად პასუხობს ამ ამოცანებს. მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ახალ ფაქტობრივ ცოდნას, ახერხებენ სწრაფი უკუკავშირის  მიღებას თანაკლასელებისა და მასწავლებლისგან, ძალდაუტანებლად ახდენენ მცდარი წარმოდგენების შეცვლას და საბოლოო ჯამში ახდენენ ცოდნის ისეთი ფორმით ორგანიზებას, როგორსაც სამომავლოდ ეფექტურად გამოიყენებენ. ამასთანავე შეტრიალებული საკლასო ოთახი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უკეთ  გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები, ირწმუნონ თავიანთი ძალები. ბრანსფორდი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ „ამგვარი მეტაკოგნიტური მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს  სასწავლო პროცესის კონტროლში. ისინი ახერხებენ უკეთ დაისახონ   სასწავლო ამოცანები, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთ პროგრესს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს”. დაბოლოს, დასკვნის  სახით მოკლედ ჩამოვთვლით  შეტრიალებული სასწავლო პროცესის მთავარ მიმართულებებს :
1.რადგან ახალ მასალას სახლში ეცნობიან, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ პირველი აღმოჩენები 
ამასთანავე, როგორც აღვნიშნეთ, ახალი მასალის გაცნობა შესაძლებელია   მრავალი გზით – ტექსტის წაკითხვით დაწყებული  და  ლექციის ვიდეოვერსიით და პოდკასტებით დამთავრებული. ამასთან მეთოდი საგანმანათლებლო მიზნებით ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.
2.ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეების პასუხისმგებლობას ამაღლებს, ეხმარება მათ სასწავლო პროცესისათვის სათანადოდ მოსამზადებლად.
მოსწავლეებმა დროდადრო უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც  არამარტო მათ მზადებასთანაა დაკავშირებული, არამედ მათი მეშვეობით ისინი შესაძლოა ქულებითაც შეფასდნენ.   შეფასების ფორმები შესაძლოა იყოს განსხვავებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოსწავლეები სკოლაში მომზადებულები უნდა მოვიდნენ.  
3.ქმნის მექანიზმს მოსწავლეების გაგების შესაფასებლად.
წინასწარი მომზადება ეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს.  მოსწავლეები მაქსიმალურად რეალურად ხედავენ თავიანთ შესაძლებლობებს, მასწავლებლები აფიქსირებენ, რისი გაგება უჭირთ მოსწავლეებს. სასწავლო პროცესი სწორედ ასეთ მომენტებზე ფოკუსირდება. მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირი მოსწავლეებს სწრაფად და ეფექტურად მიეწოდებათ. 
4.აწარმოებს საკლასო აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია მაღალ სააზროვნო უნარებზე.
ეცნობიან რა ინფორმაციულ ცოდნას სკოლის მიღმა, მოსწავლეები კლასში დროის უმეტეს ნაწილს საკითხის არსში უფრო ღრმად ჩასაწვდომად, სხვადასხვა უნარების განსავითარებლად  იყენებენ.  სასწავლო პროცესი, რომელიც დებატებით, მონაცემთა ანალიზით, სხვადასხვა სინთეზური აქტივობებითაა გაჯერებული, ბევრად ნაყოფიერი და აქტიური ხდება.  

Sunday, March 6, 2016

მადლიერება: მასწავლებლის ძლიერი იარაღი საკლასო ოთახში – პრაქტიკული მეთოდი

მადლიერება: მასწავლებლის ძლიერი იარაღი საკლასო ოთახში – პრაქტიკული მეთოდი
მასწავლებელო, გსურს გააუმჯობესო აურა, როგორც საკლასო ოთახში, ისე საკუთარ ცხოვრებაში? სცადე, იყო მადლიერი. ჩემი პედაგოგობის 10 წლიანი გამოცდილებით, ამაზე კარგი საშუალება არ არსებობს.
მადლიერების გრძნობამ შემმატა ძალა, ვასწავლო გაცილებით ეფექტურად, დავაფასო სტუდენტები, გავიზარდო პროფესიონალურად და ვისიამოვნო ცხორებით. ამ ყოველივეს გამომუშავებამ მასწავლა კარგი გაკვეთილი, თუ როგორ მქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ვაწყდები.
მადლიერების ჟურნალი
გირჩევთ რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთოთ სია, თუ რისი მადლობელი ხართ და ამ განწყობით შეხვიდეთ საკლასო ოთახში. მერე თქვენს მაგალითზე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებსაც იგივე გააკეთებინოთ. დასაწყისისათვის შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მადლობელი ხართ, რომ ცოცხლობთ, გაქვთ საჭმელი და ჩასაცმელი. თუ მოიფიქრებთ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ რაიმეს, რისი მადლიერიც ხართ, ეს მთლად უკეთესი იქნება.
ჩემი მოსწავლეები სპაციალურ სამუშაო რვეულში ყოველდღიურად წერენ 5 რამეს, რისი მადლობლებიც არიან. თუ თქვენს მოსწავლეებს კომპიუტერი ან აიპადი აქვთ, მაშინ შეგიძლიათ შეაქმნევინოთ ახალი ფაილი, რომელიც მადლიერების დღიური იქნება და სადაც ყოველ დღე შეინახავენ თავიანთ სიებს. წლის ბოლოს ჩვენ დაახლოვებით 1000 მადლობის ჩანაწერი გვაქვს. მოსწავლეებს მაგალითისათვის ჩემს სიას ვაჩვენებ, ან ვაძლევ ამ ფორმას:
  1. მადლობელი ვარ, რომ ______________________
  2. მადლობელი ვარ, რომ ______________________
  3. მადლობელი ვარ, რომ ______________________
კვირაში ერთხელ მთელი კლასი ვარჩევთ ყველაზე განსაკუთრებულ „მადლობას“. ჩემში მუდამ სასიამოვნო გაკვირვებას იწვევს და ყოველთვის მმატებს მოტივაციას, ის თუ რას მიზიარებენ მოსწავლეები. მე მეძლევა საშუალება, გავიგო ისეთი რამე მათი ცხოვრებიდან, რასაც სხვა შემთხვევაში ვერანაირად ვერ შევიტყობდი. ეს ყოველივე ხელს უწყობს კლასში დადებითი აურის შექმნას.
ამასთან, სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ წერონ კონკრეტულად. მაგალითად, ნაცვლად ჩანაწერისა „მადლობა საუზმისათვის“, მე დავწერდი, „მადლობელი ვარ პომიდვრის სალათისათვის და მეგობრებთან ერთად დალეული ცივი, ტბილი ჩაისათვის“, ან „მადლობელი ვარ კეთილი გულით მომზადებული ნოყიერი ლანჩისათვის.“
კუნთის გავარჯიშება
მადლიერების გრძნობა კუნთივით მუშაობს და ის ფიზიკური ძალისხმევა, რაც მადლობების სიის დაწერას სჭირდება გეხმარება „მადლიერების კუნთების“ გავარჯიშებაში. აღმოსავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ, ფილიპ ვოტკინსის, ბოლოდროინდელ კვლევაში, რომელიც „School Psychology Review“-მ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ ისინი, ვინც ყველაზე ნაკლებად გრძნობენ მადლიერებას, ამ მეთოდის გამოყენებით ყველაზე დიდ შედეგს იღებენ. ეს კარგი ამბავია ჩვენთვის, ვისაც გვიჭირს დავიწყოთ მადლიერებების ფურცელზე გადატანა.
ზოგჯერ მოსწავლეებს ვეკითხები, თუ არიან მადლობლები საშინაო დავალებების და ამოცანების. ამით ვეხმარები მათ დაინახონ საშინაო დავალების სასარგებლო მხარე – ეს მათ ეხმარება იაზროვნონ და აძლევს უნარს, რომელიც არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრებაშიც გამოადგებათ.
Greater Good Science Center-ის წარმომადგენელი ვიკი ზაკრზევსკი, სტატიაში „მადლიერებასთან დაკავშირებული აქტივობები კლასში“, აღნიშნავს ბევრ საინტერესო აქტივობას, რომელიც განხორციელებაც თქვენს კლასში შეგიძლიათ. მაგალითად, წელს გადავწყვიტე მადლობები პატარა წებოვან სტიკერებზე დაგვეწერა და საკლასო ოთახის კარზე გავეკრა, რაც კლასში ყოველი შემოსვლისა და გასვლის დროს პოზიტიური ენერგიით დაგვმუხტავდა. თქვენი ბევრი მოსწავლე სახლშიც დაიწყებს მსგავსი სტიკერების გაკვრას, რათა მუდამ ახოვდეს, რომ მადლობელია.
ცვლილება, რომელიც შესამჩნევია
დარგის წარმყვანი ექსპერტების, დოქტორ რობერტ ემონსის და დოქტორ ჯეფრი ფროს ახალი კვლევა, ამყარებს იდეას, რომ მადლიერება აუმჯობესებს მოსწავლეებისა და ზრდასრულების ცხოვრებას. აი როგორ:
მადლიერების ჟურნალის ყოველდღიური წარმოება მოსწავლეებს ეხმარება მიაღწიონ შემდეგს:
  • უფრომაღალნიშნებს
  • მაღალ მიზნებს
  • ურთიერთობებისაგან, ცხოვრებისაგან და სკოლისაგან მეტი სიამოვნების მიღებას
  • ნაკლებ მატერიალისტურობას
  • მზაობას გააკეთონ სიკეთე
ზრდასრულების შემთხვევაში, მადლიერების ჟურნალის რეგულარული წარმოება მათ აძლევს საშუალებას:
  • იყვნენ მეტად ოპტიმისტურნი
  • მიიღონ მეტი სოციალური სიამოვნება
  • უფრო ხშირად ივარჯიშონ
  • შეამცირონ შური და დეპრესია
  • ჰქონდეთ უფრო ნაკლები ფიზიკური ჩივილები
  • იძინონ უკეთ
მე ვატყობ პოზიტიურ ცვილებებს ჩემს მოსწავლეებში. ერთმა თავისი ჯიბის ფული დაზოგა და ოჯახის წევრებისათვის მადლიერების დღიურები იყიდა. მისი დედა ექთნობის კურსებზე დადიოდა და დიდ სტრესში იყო. სადილობისას ოჯახი ერთად ჯდებოდა მაგიდასთან და თითოეული  ამბობდა, იმ დღეს რისი მადლობლები იყვნენ. ამან ოჯახის წევრებიც  უფრო დაახლოვა. ამ გოგონას დედა შემდგომში მოვიდა ჩემთან და მადლობა გადამიხადა მისი შვილისათვის მადლიერების სწავლებისათვის და ოჯახში დახმარებისთვის. მან მითხრა, რომ ეს ძალიან დაეხმარა სწავლის პერიოდში და ექთნად გახდომაში.
გაზარდე პოტენციალი
დოქტორ კერი ჰოველსი განათლების პროცესში მადლიერების ფაქტორს იკვლევს. იგი მასწავლებლებს ატრეინინგებს, თუ როგორ გამოიყენონ ეს „იარაღი“ კლასში მაქსიმალურად ეფექტურად. შეგიძლიათიხილოთ მისი ვიდეო, სადაც მას მოჰყავს მაგალითები, თუ რა შეუძლია ამ მეთოდს:
გირჩევთ, თავად სცადოთ და ნახოთ შედეგები. ჩემი მეგობრები, რომელთაც სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში აწარმოეს მადლიერების ჟურნალი, მეთოდს დადებითად აფასებენ. მადლიერებამ ბევრის ცხორება შეცვალა. რასაც მოვინდომებთ, გამოვა. თუ მოვინდომებთ და აქცენტს გავაკეთებთ პოზიტიურზე, მაშინ ცხოვრებაც მეტ პოზიტივს მოგვიტანს. ასევე, პირიქით, თუ ვიწუწუნებ და მუდამ ყურადღებას ნეგატიურ მოვლენებზე გავაკეთებ, მაშინ კიდევ მეტ უარყოფით ემოციას მივიზიდავ. ჩემთვის მადლიერება ბედნიერებაა.
მეთოდთან დაკავშირებით დამატებით გაეცანით: Gratefulness.org

Tuesday, March 1, 2016

როგორ ვატარებ მშობელთა კრებებს

ვცდილობ, მშობლებთან  საქმიანი და ამავდროულად  თბილი ურთიერთობა მქონდეს. მინდა, თითოეულმა მათგანმა  იგრძნოს, რომ მე შეძლებისდაგვარად კი ვზრუნავ მათ შვილებზე, მაგრამ მშობელი მნიშვნელოვან ფიგურად რჩება და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით, ჩემთვისაც და საერთოდ, ბავშვისთვისაც მათ მოსაზრებებს, მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემის   შემთხვევაში,   ვუკავშირდებით   ერთმანეთს და ვცვლით ინფორმაციას, ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.
საერთო საკლასო პრობლემების დროს ვიწვევ მშობელთა კრებებს, სემესტრის განმავლობაში სულ მცირე, ორი კრებას მაინც ვატარებ. თავისთავად ცხადია, რომ მშობელთა კრებას, ისევე როგორც ნებისმიერ აქტივობას დაგეგმვა სჭირდება.  თუ გვინდა, რომ კრება საინტერესო აღმოჩნდეს მშობლებისათვის, უნდა გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები, ინტერესები, გამოვიყენოთ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბების სხვადასხვა სტრატეგიები.  მშობელი აუცილებლად უნდა გრძნობდეს ჩვენს კეთილგანწყობასა და პატივისცემას. ამიტომაც დღის წესრიგის განსაზღვრის შემდეგ ვიწყებ მოსაწვევების შედგენას. მოსაწვევი თავაზიანი მიმართვით იწყება და მასში მითითებულია კრების ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი.
კრებამდე  ერთი კვირით ადრე მოსწავლეებს ვატან მოსაწვევებს, რომლებსაც მშობლების ხელმოწერით უკან მიბრუნებენ. თუ რომელიმე მათგანი დაკავებულია და ვერ დაესწრება, ის მწერს ამის შესახებ  და მწერს  თარიღსაც, როდის შეძლებს სკოლაში მოსვლას.
დათქმულ დროს კრება იწყება მისალმებით და აღრიცხვით. თუ მშობელთა კრება ეძღვნება სემესტრის ან წლის აკადემიური მოსწრების შეჯამებას, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ ვაცხადებ შედეგებს,  ცალ-ცალკე ფურცელზე მაქვს ამოწერილი მათი შეფასება და   ვურიგებ მშობლებს, თუ მე, ან რომელიმე მშობელს აქვს პირადი სასაუბრო, კრების დამთავრების შემდეგ ვსაუბრობთ ინდივიდუალურად. შეძლება, საჭიროების შემთხვევაში, კრებას არც დაველოდოთ და ისე ვთხოვოთ მშობელს შეხვედრა, ან პირიქით _ დავთანხმდეთ შეხვედრაზე.
სადამრიგებლო საქმიანობის ეფექტურობისათვის კარგი იქნება წლის ან სემესტრის დასაწყისში მშობლებს ვთხოვოთ კითხვარების შევსება, რომლის დახმარებითაც მოვკრებთ ინფორმაციას მოსწავლეთა ისეთ თვისებებზე, საჭიროებებზე, მიდრეკილებებზე, რომელთა შემჩნევა შეიძლება სასკოლო სივრცეში ვერ შევძლოთ.
ასევე, წლის ბოლოსათვის ჩვენ ვწერთ მოსწავლის დახასიათებას, რომელშიც ვსაუბრობთ მის მიღწევებზე/შედეგებზე, მის საჭიროებებზე და შემდგომში გასავითარებელ კომპეტენციებზე. კარგი იქნება, თუ ამ დახასიათებებს ინდივიდუალურად გავაცნობთ მშობლებს და მათ ყურადღებას გავამახვილებთ შვილის ინტელექტუალურ მიდრეკილებებზე.

გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი უნარ-ჩვევები

გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი უნარ-ჩვევები

 a-  A+ 
ყველა მასწავლებელს მოეთხოვება, გაკვეთილების წარმატებით დაგეგმვისთვის განსაზღვრული უნარ–ჩვევები განივითაროს. მათგან უპირველესია ყოველი გაკვეთილის დაგეგმვის ჩვევა. მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალს თუ შეუძლია, გაკვეთილი ექსპრომტად ჩაატაროს და ეს უმალ გამონაკლისია, ვიდრე ტიპური შემთხვევა. დაგეგმვის ფაზის გამოტოვება უმეტესად გაკვეთილის ჩავარდნის ტოლფასია და ასეთი გაკვეთილები, როგორც წესი, დაკარგული დროა და მეტი არაფერი.
მეორე ძირითადი უნარ–ჩვევა ის არის, თქვენს ყოველდღიურ განრიგში გამოყოთ დრო გაკვეთილების დაგეგმვისთვის. პედაგოგიური კარიერის საწყის ეტაპზე დაგეგმვის ფაზას საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ წარმატებული რეფლექსიური პრაქტიკისა და გამოცდილებისა თუ რესურსების დაგროვების კვალდაკვალ მასწავლებელი ეჩვევა მინიმალურ დროში საგაკვეთილო იდეების გენერირებასაც, მათ ჩანიშვნასაც სახელმძღვანელო დირექტივების სახით და ამა თუ იმ ჩარჩო-სქემისთვის მორგებასაც. თუ პედაგოგიური კარიერის დასაწყისში ძალისხმევა უმთავრესად ყურადღების კონცენტრაციასა და შემოქმედებითობაზე იხარჯება, გამოცდილი მასწავლებლები უკვე ფოკუსირებას ახდენენ იმპროვიზაციაზე საგაკვეთილო პირობების შეცვლისას.
შესაბამისად, მესამე ძირითადი უნარ–ჩვევაა, დეტალურად ჩაინიშნოთ გაკვეთილის კომპონენტები და არ ეცადოთ მათ დამახსოვრებას.
ჩანაწერების სარგებელი აშკარაა – ისინი საშუალებას იძლევა:
  • ადვილად მოხდეს კომპონენტების მოდიფიცირება მომავალში იმავე გაკვეთილის ჩატარებისას ან მისი პარალელურ კლასში ჩატარებისას;
  • საფუძვლიანად გააანალიზდეს დაგეგმილ აქტივობათა თანწყობა მათი ეფექტიანობის თვალსაზრისით;
  • უფრო ფაქიზად დამუშავდეს მნიშვნელოვანი დეტალები;
  • მეორე დღეს, გაკვეთილის ჩატარებამდე ჩანაწერისთვის თვალის გადავლებით, საკუთარი ნამუშევრისგან გაუცხოების ეფექტის წყალობით, მხოლოდ რეალისტურზე მოხდეს ფოკუსირება, მხოლოდ ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, მხოლოდ ოპტიმალური ძალისხმევა იქნეს გაღებული.
მეოთხე ძირითადი უნარ–ჩვევა უკავშირდება პრობლემას, რომელსაც გამოცდილი მასწავლებლებიც კი ეჯახებიან – საგაკვეთილო დროის მენეჯმენტს. ყველას უჭირს იმის წინასწარმეტყველება, რამდენ დროს მოითხოვს ესა თუ ის აქტივობა, რადგან ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილს მასწავლებელი ვერც კი აკონტროლებს. ჯგუფური მუშაობის დომინირების შემთხვევაში (რასაც თავიდან ვერ ავიცილებთ დიფერენცირებული ან თუნდაც არადიფერენცირებული, მაგრამ თანამშრომლობითი სწავლებისას) დროითი დანახარჯის პროგნოზირება კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მიზანშეწონილია გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე გათვლილი საგაკვეთილო გეგმების მომზადება, მერე კი იმ აქტივობათა შერჩევა, რომლებიც შეიძლება უმტკივნეულოდ ამოაგდოთ გეგმიდან ან პირიქით, ჩაამატოთ, თუ ისინი შეეფერება გაკვეთილის მიზანს და არ აზარალებს მას. გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ იმატებს დროითი დანახარჯის შეფასების სიზუსტეც, თუმცა ყველაზე დიდი განსხვავება ვეტერან და ახალბედა მასწავლებლებს შორის ისაა, რომ ვეტერანმა იცის: როგორც არ უნდა დაგეგმოს და წარმართოს გაკვეთილი, რამე გაუთვალისწინებელი მაინც მოხდება, ამიტომ მისი მხრივ გონივრული იქნება, მზად იყოს წინასწარ შერჩეული აქტივობების საშუალებით გეგმაში ცვლილებების შესატანად.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მასწავლებლის გონებაში მომწიფდა საინტერესო იდეა გაკვეთილისთვის და ჩაინიშნა კიდეც მისი ცალკეული ეტაპები თუ აქტივობები. როგორ მიხვდეს გაკვეთილის მსვლელობის მისეული ხედვის მიხედვით, ტრადიციულია ჩაფიქრებული გაკვეთილი თუ მოსწავლეებსა და შედეგზე ორიენტირებული?
იოლი მისახვედრია, რომ გაკვეთილი ვერ ჩაითვლება მოსწავლეებზე ორიენტირებულად, როდესაც მასწავლებელი:
  • ცდილობს, წინასწარ დაგეგმილი გაქვავებული განრიგის მიხედვით გაუყვეს სასწავლო გეგმას, რათა დროულად „გაიაროს პროგრამა“ და არ ითვალისწინებს მოსწავლეთა საჭიროებებს იმ პერიოდისთვის, როდესაც გაკვეთილი უნდა ჩაატაროს;
  • ჯეროვან, ხშირად კი გამორჩეულ ყურაღებას უთმობს მხოლოდ „მის საგანში ნიჭიერ“ მოსწავლეებს (ცნობილია, რომ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინისადმი გამოკვეთილი მიდრეკილებების მქონე მოსწავლეთა წილი კლასში 10% თუა);
  • „დაღეჭვის“ დონეზე ხსნის გაკვეთილს და მოსწავლეებს თავს ახვევს ცალკეული მეცნიერების, ხანდახან კი საკითხის საკუთარ ინტერპრეტაციებს ან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს; განსხვავებული აზრი არ გამოითქმის ან არ წახალისდება, მოსწავლეებს ამ „დაღეჭილი“ ლუკმის გადაყლაპვაღა დარჩენიათ;
  • უხვად მოჰყავს ფაქტები (მაგალითად, ბიოგრაფიული ცნობები) ან მოსწავლეებს შორიდან აჩვენებს მოდელებსა თუ ბუნების ქმნილებების მაკეტებს, რითაც დემონსტრირებას უკეთებს საკუთარ ერუდიციას და ძალისხმევას დამატებითი რესურსების მოსაძიებლად, ამასთან, მოსწავლეებისგან მოითხოვს მხოლოდ ამ ფაქტების დამახსოვრებას და მომდევნო გაკვეთილზე მათ გახსენებას;
  • დაფასთან მორიგეობით იძახებს ცალკეულ მოსწავლეებს სავარჯიშოების შესასრულებლად, მაშინ როდესაც დანარჩენები დაფიდან იწერენ სხვის შესრულებულ დავალებას, რომლის გააზრებასაც ვერ ასწრებენ, რადგან ჩანაწერის დასრულებამდე უკვე სხვა მოსწავლეა გამოძახებული დაფასთან და ახალი სავარჯიშოს შესრულებას იწყებს;
  • ზრუნავს წესრიგზე, გაკვეთილს ავტორიტარულ რეჟიმში წარმართავს, ამიტომ ყველა მოსწავლე გასუსულია, მაგრამ მათი უმრავლესობა ჩუმადაა არა იმიტომ, რომ შესასწავლ საკითხზე ფიქრობს, არამედ უბრალოდ პასიურია;
  • შეჯიბრების ტიპის ურთიერთობას ამკვიდრებს მოსწავლეთა შორის, როდესაც მათი შეფასების დროს ერთმანეთს ადარებს მოსწავლეთა პრეზენტაციებს და გამორიცხავს ნიშნებში ინდივიდუალური პროგრესის წილს;
  • დაუყოვნებლივ მოითხოვს პასუხს დასმულ კითხვაზე და თვითონვე ირჩევს მოპასუხეს ისე, რომ კითხვას არ მიუსადაგებს მისი მზაობის დონეს.
გაკვეთილი მოსწავლეებზე ორიენტირებულად ვერც მაშინ ვერ ჩაითვლება, როდესაც:
  • მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობას გამორიცხავს მერხების უცვლელი განლაგება მწკრივებად, როდესაც მოსწავლეები მხოლოდ წინ მსხდომთა კეფას ხედავენ და ვერ იჭერენ ერთმანეთის მზერას;
  • გაკვეთილები კომბინირებული ტიპისაა და მიუხედავად მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე გამომჟღავნებული საჭიროებებისა, ერთმანეთს ენაცვლება საშინაო დავალების შემოწმების, ინდივიდუალური გამოკითხვის, ახალი მასალის ახსნის, მისი განმტკიცებისა და საშინაო დავალების მიცემის ეტაპები, რომლებიც ზუსტად 45 წუთში უნდა დასრულდეს.
ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მოყვანილი მაგალითები საკმარისია, რათა ცხადი გახდეს ამგვარი „სწავლების“ მიუღებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის, რადგან აშკარაა, რომ:
  • ასეთი გაკვეთილის მიზანი იყო კიდევ ერთი საპროგრამო საკითხის „დაფარვა“ და არა მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კომპეტენციების დაუფლება;
  • მასწავლებელს დაგეგმილი ჰქონდა მხოლოდ ის, რას გააკეთებდა თვითონ და არა ის, რას გააკეთებდნენ მოსწავლეები;
  • მას არ აინტერესებდა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და ხარვეზების მიგნებასა და აღმოფხვრაზე ზრუნვას დროის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევდა („მე ხომ ავხსენი საკითხი და ვინც ისწავლის – ისწავლის, ვინც არა და – რას იზამ, ყველა ვერ იქნება ნიჭიერი ჩემს საგანში“);
  • მან მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო გაკვეთილის მოსამზადებლად და უშურველად დაიხარჯა, თუმცა ამ დროს მოსწავლეთა შედეგებზე არ უფიქრია – იმით დაკმაყოფილდა, რომ საგაკვეთილო პროცესი დაძაბული და შთამბეჭდავი გამოვიდა;
  • მან ნიშნები დაწერა და ჟურნალი შეავსო, მაგრამ არ გაუაზრებია, რა ნაბიჯი გადადგეს მოსწავლეებმა საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისკენ, რადგან შესაძლოა არც კი იცნობდა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის იმ ნაწილს, სადაც მისაღები შედეგები და ინდიკატორებია მითითებული;
  • არ აღელვებდა გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია და არც აპირებდა შეფასებას, რა გამოუვიდა კარგად და რა – არა, რათა მომავალში გაეთვალისწინებინა.
ცხადია, რომ ასეთი სწავლება არც მოსწავლეზეა ორიენტირებული და არც შედეგებზე. შესაბამისად, ასეთი გაკვეთილების შემთხვევაში მოსწავლეთა მიღწევები მინიმალურია:
  • რაოდენობრივად – წარმატებულია მაქსიმუმ „საგანში ნიჭიერი“ 10% + ყველაფერში ბეჯითი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე 10% + საგნის მასწავლებელის ხათრის მქონე და პატივისმცემელი 10% = 30% და არა მოსწავლეთა 100% ან თუნდაც 90%;
  • თვისებრივად – მიიღწევა მხოლოდ ტრივიალური „საკონტროლოს“ დასაწერად ან ფაქტობრივ ცოდნაზე ანუ მეხსიერებით უნარებზე გათვლილი და „გამოცდის ჩაბარებისთვის“ აუცილებელი მინიმალური კომპეტენციების განვითარება და არა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კომპეტენციებისა.
ბუნებრივია, ასეთი გაკვეთილები ვერც სკოლის შიდა და ვერც გარე შეფასებისას ვერ დაიმსახურებს მაღალ შეფასებას, ამიტომ აუცილებელია გაკვეთილების დაგეგმვაზე მუშაობის ხერხების გაცნობიერება, რათა დაგეგმვის ეტაპზევე ავიცილოთ თავიდან ტრადიციული სწავლების ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებები და გავითვალისწინოთ გაკვეთილის სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც, მაგალითად, ვიდეოჩანაწერში აისახება ან, პირიქით, მიიჩქმალება.
შევაჯამოთ: მხოლოდ სტატიის დასაწყისში ნახსენები ძირითადი უნარ–ჩვევების განვითარება აძლევს მასწავლებელს საშუალებას, წარმატებას მიაღწიოს მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვასა და წარმართვაში. ასეთ გაკვეთილებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი მოსწავლეთა საჭიროებები და თავისებურებები, მათი ჩართულობის რაოდენობრივი მაჩვენებლები და მონაწილეობის ინტენსივობის პროცენტული მაჩვენებლები გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ტრადიციულ გაკვეთილებზე, სასწავლო საკითხის გააზრებისა და ათვისების ხარისხი რამდენჯერმე უნდა გადამოწმდეს გაკვეთილის განმავლობაში, ხოლო მოსწავლეებისთვის განკუთვნილ აქტივობებში აქცენტი ცოდნის კონსტრუირებასა და სწავლების დიფერენცირებაზე დაისვას.

კომენტარები

0 comments