მთავარი გვერდი

Sunday, June 16, 2019

მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. პროექტებით სწავლება.

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით დავგეგმე პროექტი-სასწავლო- შემეცნებითი გასართობი ექსკურსია მარშრუტით: მცხეთა, შიო-მღვიმე-ჯვარი. ამ მიზნით დავყავი კლასი 5 ჯგუფად, თითოეულ გუნდს მივანიჭეთ სახელი და ყოველ ჯგუფს მივეცი დავალება: წარმოედგინათ პრეზენტაციები განსაზღვრულ თემაზე:მცხეთა, ჯვარი, შიომღვიმე.ამ პროცესში ყველა მშობელი აქტიურად იყო ჩართული, რადგან ბავშვებს სჭირდებოდათ დამოუკიდებელი სამუშაო სივრცე, ინფორმაციის და სურათების მოძიება და ამ ყველაფრის განთავსება დიდ ფორმატზე. მშობლები ასრულებდნენ ფასილიტატორის როლს, რაც ძალიან დაეხმარა თითოეულ ჯგუფს, რომ მაღალ დონეზე შეესრულებიმნათ დავალება. მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს ოჯახს, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე. როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები; უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესშიც. მაგრამ როგორ შეუძლიათ მშობლებს, ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა? უფრო ზუსტად რას ნიშნავს „მშობელთა ჩართულობა“? ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, სასწავლო პროცესსა და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს: მშობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შვილის სწავლის პროცესში; მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში; მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და ეხმარებიან მას, მიიღოს გადაწყვეტილება, სად გააგრძელებენ სწავლას. მშობლებისთვის „მშობლის ჩართულობა“ შეიძლება გულისხმობდეს: შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას; ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან; სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას; მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას; რაში ეხმარება ეს მოსწავლეს: როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და მეტად აქვს სწავლის გაგრძელების სურვილი. სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების გათვალისწინებას. რა სარგებელი აქვს ამას მშობლისთვის :მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელს მეტად ესმის საკუთარი შვილის; უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს; ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს; ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში; უფრო თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას; მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას; უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რაში ეხმარება ეს მასწავლებელს :მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული. მასწავლებლები მეტად აფასებენ თავიანთ პროფესიას; ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს. ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიზანი იყო მოსწავლეებსა და მშობლებში მოტივაციის ამაღლება და მათი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით, რათა, რაც შეიძლება მეტ მოსწავლესთან მიმეღწია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი მიზნებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ შედგა ექსკურსია იმავე მარშრუტით, სადაც ბავშვებმა გამოამჟღავნეს მიღებული ცოდნა, ხოლო მშობლებმა გააუმჯობესეს კომუნიკაცია სკოლასთან და ერთმანეთთან.