მთავარი გვერდი

Monday, November 24, 2014

ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა წარმატების მისაღწევად

საგანმანათლებლო რესურსები
http://www.mastsavlebeli.ge/pics/a1.gif http://www.mastsavlebeli.ge/pics/a2.gif
თქვენ იმყოფებით:  
http://www.mastsavlebeli.ge/pics/isari.gif
ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა წარმატების მისაღწევად
თარიღი: 25 ივლისი 2014
ავტორი: ეკატერინე ყიფიანი
http://www.mastsavlebeli.ge/img_resursebi.php?id=639&file=image1.jpgმასწავლებლები ყოველდღე ვუზიარებთ ერთმანეთს ჩატარებული გაკვეთილის გამოცდილებას. თუ გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა, სიხარული სახეზე გვეტყობა, მაგრამ არავინ იცის, როგორ ჩაივლის მომდევნო გაკვეთილი. ის, თუ რა ემოციებით მოვიდნენ ბავშვები სახლიდან, ან რა მოხდა მოსწავლეებს შორის დასვენებაზე, დიდ გავლენას ახდენს მომდევნო გაკვეთილის მსვლელობაზე. ჩვენ ვცდილობთ, ისე წარვმართოთ სწავლება, რომ ბავშვს სახლიდან გამოყოლილი ან სკოლაში მიღებული წყენა დავავიწყოთ და ჩვენი საგნით "გავართოთ”. გაკვეთილზე სწავლით მიღებული სიხარული მოსწავლეებს სახლამდეც უნდა გაჰყვეთ და მთელი ცხოვრების მანძილზეც. შეიძლება უტოპიურად ჟღერს ზემოთ ნათქვამი, მაგრამ ყველა მასწავლებლის მიზანი და თვით მასწავლებლობის ეთოსი ამაში მდგომარეობს.
ახლახან ოთხ საინტერესო სამუშაო შეხვედრას დავესწარი. წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ სემინარებს უძღვებოდა დოქტორი დუგლას რუ, ვაშინგტონიდან. ჩვენი სტუმარი განთლებით ფსიქოლოგია და, როგორც შევიტყვეთ, საქართველოში უკვე ბევრ სკოლას და უნივერსიტეტს გაუწია დახმარება. დოქტორი რუ არის სტრატეგიული ზრდის სპეციალისტი, პერსონალის მართვის და ხელმძღვანელობის კონსულტანტი, და უძღვება ინოვაციურ ვორკშოპებსა და ტრენინგებს. 
მან შეხვედრამდე ელექტრონული ფოსტით გაგვაცნო სამუშაო მიზნები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ ჟღერდა:
-ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა;
-კლასის მართვა;
-პროფესიული განხილვები - რა გამოდგება და რა არ გამოდგება მოსწავლეებთან მუშაობის დროს;
-გაკვეთილებზე დაკვირვება.
დაგეგმილი იყო თითოეული სამუშაო შეხვედრის ხანმოკლე ლექციით დაწყება, შემდეგ - განხილვები და ბოლოს - გაკვეთილებზე დასწრების განრიგის შედგენა.
ის წერდა, რომ ამ სამუშაო შეხვედრისას ჩვენ ერთმანეთისგან იმდენ კარგ რჩევას მოვისმენდით, რამდენსაც - მისგან. რამდენადაც ჩემზე უკეთ იცნობთ მოსწავლეებს და სკოლის სიტუაციას, მე ვეცდები მოგისმინოთ და მოგეხმაროთ თქვენი სურვილების ინტერაქტიულ გაკვეთილებად გადაქცევაშიო. ჩვენი შეხვედრები საინტერესო იყო და რაკი ჩვენ შორის ინტერაქცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, გადავწყვიტე, ქართულ ენაზე გამეხსენებინა შეხვედრების შინაარსი.
მასწავლებლებისთვის ინტერაქტიული სწავლების ტექნიკის დაუფლება ადვილი არ არის და პრაქტიკას მოითხოვს. ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლე უნდა დავიყოლიოთ მეტი პასუხისმგებლობის აღებაზე, განათლების მიღების მიზნით. თუ ამას მივაღწიეთ, მაშინ გამოდის, რომ პროფესიის მწვერვალზე ვიმყოფებით. ასეთი მასწავლებელი უფრო დაფასებული გახდება და ექნება პროფესიული წინსვლა.
ბატონმა დუგლას რუმ პირველი შეხვერა სერ კენ რობინსონის სიტყვებით დაიწყო. გაგვახსენა, რომ განათლებას ორი მიზანი აქვს: ეკონომიური და კულტურული. როგორი განათლება უნდა მივცეთ ჩვენს შვილებს, რომ ისინი 21-ე საუკუნის მოთხოვნებს მომზადებული შეხვდნენ? ჩვენ ხომ ისიც არ ვიცით, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ერთი კვირის შემდეგ... კულტურული მიზანი კი გულისხმობს კულტურული იდენტობის შენარჩუნებას მზარდი გლობალიზაციის პირობებში. სულ ცოტა ხნის წინ განათლების სისტემა წინა საუკუნის მოთხოვნებს ემსახურებოდა. დღეს ახლებური განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ. 
მერე ვისაუბრეთ ჩვენ მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილებზე. სწავლებას ინტერაქტიული ჰქვია, თუ მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას, ესაუბრება მოსწავლეებს, უხსნის ახალ მასალას, იყენებს კოგნიტურ სქემებს, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას და ა.შ. მაგრამ მეორეა ინტერაქტიული დასწავლა, რაც მოსწავლეზეა დამოკიდებული. ინტერაქტიულმა გაკვეთილმა მოსწავლეს მეტი პასუხისმგებლობა უნდა ააღებინოს თავის თავზე.
განათლების სპეციალისტები სწავლების ისეთ ინტერაქტიულ მეთოდებს გვთავაზობენ, სადაც ბავშვების შემოქმედებითობა წინა პლანზეა წამოწეული. მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, თუ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცოდნის მიღებაში, ცდილობენ გადაჭრან პრობლემა და სიტყვიერად გამოხატონ ის, რაც აღმოაჩინეს. მოსწავლისთვის ყოველი გაკვეთილი ახალის ძიება უნდა იყოს, სადაც ის თვითონ იქნება აქტიური მკვლევარი. მასწავლებელმა კი უნდა დააინტერესოს მოსწავლეები, სირთულის შემთხვევაში, მათ უნდა გაუადვილოს მასალის გაგება და უნდა მართოს გაკვეთილის მიმდინარეობის რიტმი.
სერ კენ რობინსონის თანახმად, შემოქმედებითობა არის დივერგენტული, დინამიკური და განსხვავებული. ბატონი დუგლას რუ ამბობს, რომ ეს გათვალისწინებული უნდა იყოს გაკვეთილზეც. 
განსხვავებულობაში იგულისხმება შემსწავლელთა ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური ტიპები. ბავშვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგს მხედველობითი მეხსიერება აქვს უკეთესად განვითარებული, ზოგს - სმენითი, სხვები კი კინესთეტიკური აქტივობით გამოირჩვეიან. 
დივერგენტულობა გულისხმობს ერთ კითხვაზე ბევრ სხვადასხვაგვარ პასუხს. მაგალითად, თუ ბავშვებს ჰკითხავთ, რა დანიშნულება აქვს ქაღალდის სკრეპს, მათ შეიძლება განსხვავებული რაოდენობის პასუხები ჩამოწერონ. ზოგი ამ დროს იკითხავს კიდეც: "ეს სკრეპი ხომ შეიძლება რეზინისგანაც იყოს დამზადებული?” და კიდევ უფრო მეტ პასუხს ჩამოწერს. დივერგენტული პასუხები შემოქმედებითობას არ ნიშნავს, მაგრამ, რობინსონის მიხედვით, შემოქმედებითობის გამოვლენისთვის საჭირო უნარს წარმოადგენს. მასწავლებლები ბავშვებისგან მხოლოდ ერთ სწორ პასუხს მოითხოვენ და ამით კლავენ მათში შემოქმედებითობას. თუ მასწავლებელი ვერ დააინტერესებს ბავშვს, შეიძლება მოსწავლეს დააბრალონ ყურადღების დეფიციტი ან უნიჭობა.
დინამიკურობა კი ნიშნავს კლასში კონტროლის და ყურადღების ცენტრის მართვას - ერთი მოსწავლიდან მეორეზე გადატანას. თუ მასწავლებელი არ ფლობს კლასის მართვის კარგ უნარ-ჩვევებს და მზა პასუხებით არაა შეიარაღებული, ადვილი შესაძლებელია, ყურადღების ცენტრში ცელქი ბავშვი აღმოჩნდეს. 
როგორ დავგეგმოთ ინტერაქტიული გაკვეთილი ისე, რომ არ გამოგვრჩეს სწავლების დინამიკური, დივერგენტული და განსხვავებული ასპექტები? გაკვეთილის დაგეგმვის მრავალი ფორმა არსებობს. კარგი გაკვეთილი, როგორც წესი, იწყება განვლილი ცოდნის გამეორებით, გაკვეთილის მიზნების განხილვით, ზოგადი კითხვის დასმით, კლასის მოწესრიგებით. ბატონმა დუგლას რუმ შემოგვთავაზა მეტად საინტერესო გაკვეთილის სტრუქტურა, რომელშიც, ერთი შეხედვით, ახალი არაფერია, მაგრამ მისი გამოყენება აიოლებს გაკვეთილის დაგეგმვას - უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ ამისთვის და თან კლასის მართვის გასაღებიც გექნებათ ხელში.
გაკვეთილის სტრუქტურა ხუთ ნაწილად დავყავით. პირველი ნაწილი არის კლასის მოწესრიგება, რომელიც იწყება მოსწავლეების კლასში შემოსვლით. გაკვეთილის მეორე და უმთავრესი ნაწილი არის შესავალი. მერე მოდის პირდაპირი სწავლება, როდესაც მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას, შემდეგ - მასალის განხილვა მოსწავლეებს შორის. ეს შეიძლება იყოს როლური თამაში, ერთმანეთის ნამუშევრების შემოწმება და ა.შ., და ბოლოს - შეჯამება.
ამგვარ სტრუქტურაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესავალი და შეჯამება. შესავალი ნაწილი 5-დან 10 წუთამდე შეიძლება გრძელდებოდეს. აუცილებლად უნდა დაიწეროს დაფაზე გაკვეთილის მიზნები. მრავალი მიზნის ჩამოწერა მიზანშეწონილი არაა, რადგან კარგი გაკვეთილი არ ნიშნავს ბევრი ინფორმაციის გადაცემას. კარგი გაკვეთილი სამ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი, მაგალითად, თუ 45-წუთიან გაკვეთილს ვატარებთ, მაშინ უმჯობესია, ის სამ 15-წუთიან მონაკვეთად დავყოთ. მოსწავლეების ყურადღება მაქსიმუმ 15 წუთს გრძელდება. ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა კი ყურადღებას ახლიდან ამახვილებს. უფრო უკეთესია, თუ ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური აქტივობები შეცვლიან ერთმანეთს. ამიტომ სჯობს, სამი მთავარი მიზანი დავისახოთ. დავწეროთ დაფაზე და მოსწავლეებს გავაცნოთ, რაზე ვაპირებთ საუბარს. ეს მოსწავლეებს ინტერესს აღუძრავს. მეორე რამ, რასაც გაკვეთილის შესავალი ნაწილი მოითხოვს, არის იმის ხაზგასმა, თუ რა კავშირია იმჟამინდელ სასწავლო მასალასა და რეალურ ცხოვრებას შორის. მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვევს გაკვეთილის მშვიდად წარმართვას და სწავლების ხარისხის გაზრდას.
შემდეგ მოდის პირდაპირი სწავლების დრო, რასაც მოჰყვება მოსწავლეების მიერ ურთიერთსწავლება. ორივე რგოლი გაკვეთილის მოძრავი ნაწილია. ერთ-ერთი მათგანი, ან ორივე შეიძლება გამოვტოვოთ, მაგრამ არ შეიძლება შეჯამების გამოტოვება, რასაც მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ითვალისწინებს. შეჯამება უნდა მოხდეს ყოველი მიზნის ბოლოს. სანამ ახალ მიზანზე გადავალთ, უნდა შევაჯამოთ მიღწევები. ამით მოსწავლეებს გაეზრდებათ თვითშეფასება, გაუმტკიცდებათ მოსმენილი, რაღაც დროის განმავლობაში ისინი აღმოჩნდებიან ყურადღების ცენტრში და რაკი იგრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ თავზე. შეჯამების პარალელურად მოსწავლეებს შეიძლება რეფლექსიაც მოვთხოვოთ, ვკითხოთ, რას ფიქრობენ, რა გაიგეს და რა ისწავლეს მოცემული საკითხის შესახებ.
ძალიან ხშირად საჭიროა ხოლმე მოსწავლის ქცევის კორექცია გაკვეთილის დროს. თუ მოსწავლეს მიუთითებთ, შეწყვიტოს საუბარი, ხატვა, სხვა გაკვეთილის მომზადება და სხვ. და ჩვეულებრივ განაგრძობთ გაკვეთილს, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, მოსწავლე შეიძლება გაჩუმდეს, შეინახოს სხვა საგნის სახელმძღვანელო, აღარ დახატოს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ მისი ყურადღება ისევ გაკვეთილისგან მოწყვეტილი დარჩეს. ქცევის კორექციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გაკვეთილის შესავალ ნაწილთან დაბრუნება: მასწავლებელი მიდის დაფასთან, მიუთითებს იმ მიზანზე, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა კლასში და ამეორებინებს მოსწავლეს გაკვეთილის მიზანს, რათა ახლიდან ჩართოს ის სწავლის პროცეში. 
შეჯამება ბევრჯერ შეიძლება გამოგვადგეს გაკვეთილის მსვლელობის დროს. მაგალითად, თუ გვინდა, რომ შევამოწმოთ, მოსწავლე მართლა არის ჩართული გაკვეთილში თუ არა, შეიძლება მოვთხოვოთ, შეაჯამოს ის, რაზეც მიმდინარეობდა საუბარი. თუ ვერ შეძლებს, მაშინ ისევ მიზანზე უნდა მივუთითოთ და ვუთხრათ, რაზე ვსაუბრობდით, შემდეგ კი განვაგრძოთ საკითხის განხილვა.
ამრიგად, მასწავლებელი ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ჩართავს მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში და არც ისეთი კომენტარების გაკეთება იქნება საჭირო, როგორიც ხშირად ისმის ხოლმე კლასში და მოსწავლის და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზი ხდება.
მე, პირადად, სამუშაო შეხვედრების შემდეგ მივხვდი, რომ გაკვეთილის დაგეგმვა არც ისე დიდ დროს მოითხოვს, როგორც მეგონა. მთავარია, განსაზღვრო მიზნები და იფიქრო სამი განსხვავებული აქტივობიდან (მხედველობითი, სმენითი და კინესთეტიკური), სულ მცირე, ორის განხორციელებაზე მაინც ერთი გაკვეთილის განმავლობაში, ყოველ 15 წუთში შეცვალო აქტივობა, და სანამ ახალ მიზანს დაასახელებ, მოსწავლეებს შეაჯამებინო მიღებული შედეგები.
ასე დაგეგმილი გაკვეთილი ზრდის მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. ინტერაქტიული გაკვეთილი მხოლოდ კითხვა-პასუხზე დაფუძნებულ პროცესს არ გულისხმობს. ინტერაქტიულია სწავლება, როცა მოსწავლე აიღებს რვეულს და ჩამოწერს მოკლედ ან ვრცლად იმ დავალებებს, რაც მას მოსთხოვეს. მაშინ მოსწავლე ურთიერთობს, ანუ ინტერაქციაშია რვეულთან, კალამთან, სახელმძღვანელოსთან და იმ ხალისიან გაკვეთილს იხსენებს, რომელმაც დავალების შესრულება მოანდომა.
მოწვეულმა სტუმარმა ლაკონურად დაწერილი მასალები გადმოგვცა: "რჩევები თავდადებულ მასწავლებელს” და "კლასის მართვა და ხელისშემშლელი ქცევების საპასუხო ღონისძიებები”. თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ თვით ბატონ დუგლას რუს გაესაუბროთ ამ მასალების შესახებ: www.douglasrugh.com მინდა მადლობა გადავუხდო ბატონ რუს და წმინდა გიორგის სახელობის ქართულ-ბრიტანულ სკოლას ზრუნვისა და გულისხმიერებისათვის. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლები არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ზრდაზეც მუშაობენ. 
გაკვეთილის შესავალ ნაწილში მოსწავლის ქცევის კორექცია უკვე ბევრჯერ ვცადე და ყოველთვის დადებითი შედეგი მივიღე. გაკვეთილის მიზნების დაფაზე ჩამოწერა და ბოლოს შეჯამება უფრო სახალისოს ხდის გაკვეთილს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვისაც. თუ შემსწავლელთა ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკური ტიპებიც გათვალისწინებული იქნება, მაშინ მოსწავლეები გაკვეთილის შემდეგ აუცილებლად იტყვიან: "რა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარდა!”, გაკვეთილი დადებითი ემოციებით დასრულდება - ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო!

No comments:

Post a Comment