ვცდილობ, მშობლებთან საქმიანი და ამავდროულად თბილი ურთიერთობა მქონდეს. მინდა, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ მე შეძლებისდაგვარად კი ვზრუნავ მათ შვილებზე, მაგრამ მშობელი მნიშვნელოვან ფიგურად რჩება და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით, ჩემთვისაც და საერთოდ, ბავშვისთვისაც მათ მოსაზრებებს, მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემის შემთხვევაში, ვუკავშირდებით ერთმანეთს და ვცვლით ინფორმაციას, ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.
საერთო საკლასო პრობლემების დროს ვიწვევ მშობელთა კრებებს, სემესტრის განმავლობაში სულ მცირე, ორი კრებას მაინც ვატარებ. თავისთავად ცხადია, რომ მშობელთა კრებას, ისევე როგორც ნებისმიერ აქტივობას დაგეგმვა სჭირდება. თუ გვინდა, რომ კრება საინტერესო აღმოჩნდეს მშობლებისათვის, უნდა გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები, ინტერესები, გამოვიყენოთ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბების სხვადასხვა სტრატეგიები. მშობელი აუცილებლად უნდა გრძნობდეს ჩვენს კეთილგანწყობასა და პატივისცემას. ამიტომაც დღის წესრიგის განსაზღვრის შემდეგ ვიწყებ მოსაწვევების შედგენას. მოსაწვევი თავაზიანი მიმართვით იწყება და მასში მითითებულია კრების ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი.
კრებამდე ერთი კვირით ადრე მოსწავლეებს ვატან მოსაწვევებს, რომლებსაც მშობლების ხელმოწერით უკან მიბრუნებენ. თუ რომელიმე მათგანი დაკავებულია და ვერ დაესწრება, ის მწერს ამის შესახებ და მწერს თარიღსაც, როდის შეძლებს სკოლაში მოსვლას.
დათქმულ დროს კრება იწყება მისალმებით და აღრიცხვით. თუ მშობელთა კრება ეძღვნება სემესტრის ან წლის აკადემიური მოსწრების შეჯამებას, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ ვაცხადებ შედეგებს, ცალ-ცალკე ფურცელზე მაქვს ამოწერილი მათი შეფასება და ვურიგებ მშობლებს, თუ მე, ან რომელიმე მშობელს აქვს პირადი სასაუბრო, კრების დამთავრების შემდეგ ვსაუბრობთ ინდივიდუალურად. შეძლება, საჭიროების შემთხვევაში, კრებას არც დაველოდოთ და ისე ვთხოვოთ მშობელს შეხვედრა, ან პირიქით _ დავთანხმდეთ შეხვედრაზე.
სადამრიგებლო საქმიანობის ეფექტურობისათვის კარგი იქნება წლის ან სემესტრის დასაწყისში მშობლებს ვთხოვოთ კითხვარების შევსება, რომლის დახმარებითაც მოვკრებთ ინფორმაციას მოსწავლეთა ისეთ თვისებებზე, საჭიროებებზე, მიდრეკილებებზე, რომელთა შემჩნევა შეიძლება სასკოლო სივრცეში ვერ შევძლოთ.
ასევე, წლის ბოლოსათვის ჩვენ ვწერთ მოსწავლის დახასიათებას, რომელშიც ვსაუბრობთ მის მიღწევებზე/შედეგებზე, მის საჭიროებებზე და შემდგომში გასავითარებელ კომპეტენციებზე. კარგი იქნება, თუ ამ დახასიათებებს ინდივიდუალურად გავაცნობთ მშობლებს და მათ ყურადღებას გავამახვილებთ შვილის ინტელექტუალურ მიდრეკილებებზე.
No comments:
Post a Comment