მასწავლებლის საქმიანობა და მოსწავლეთა ატრიბუციები. როგორ საზღვრავენ მოსწავლეები წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს? ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი სხვისი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზთა ატრიბუციასაც ახდენს. როდესაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ მოსწავლის წარუმატებლობის მიზეზი მოსწავლის კონტროლს არ ექვემდებარება, ის კეთილგანწყობილია მის მიმართ და არ სჯის. თუ წარუმატებლობა მიეწერება კონტროლირებად ფაქტორს, როგორიცაა, მაგალითად, არასათანადო ძალისხმევა, მასწავლებელი ღიზიანდება და ბრაზდება, მოსალოდნელია, უსაყვედუროს კიდეც მოსწავლეს. ეს ტენდენციები, როგორც ჩანს, ყველა დროსა და კულტურაში მდგრადია.
როგორ აღიქვამენ მოსწავლეები მასწავლებლის ამ რეაქციებს? სანდრა გრეჰემი ამ კითხვაზე რამდენიმე საკვირველ პასუხს იძლევა. ნათელია, რომ თუ მასწავლებელს ეცოდება მოსწავლე, რომელსაც შეცდომა მოსდის, შეაქებს მას „მონდომებისთვის", დაეხმარება და იზრუნებს მასზე. როცა მოსწავლე მისგან ამას არ ითხოვს, თავის წარუმატებლობას, სავარაუდოდ, არაკონტროლირებად მიზეზს მიაწერს. ჩვეულებრივ, ეს მიზეზი მისთვის უნარის ნაკლებობაა. მაგალითად, გრეჰემმა და ბარკერმა სთხოვეს სხვადასხვა ასაკის ცდისპირებს, შეეფასებინათ იმ ორი ბიჭის უნარები და ძალისხმევა, რომლებსაც მათ ეკრანზე აჩვენებდნენ. კადრები ასეთი იყო: მასწავლებელი დადიოდა კლასში, ვიდრე მოსწავლეები მუშაობდნენ. ის ჩერდებოდა ორ ბიჭთან, აკვირდებოდა მათ მუშაობას. პირველს არაფერს ეუბნებოდა, მეორეს კი სთავაზობდა: „მოდი მიგანიშნებ – არ დაგავიწყდეს ათიანის გადატანა". ამ ბიჭს მისთვის დახმარება არ უთხოვია და არც ეტყობოდა, რომ დავალების შესრულება უჭირდა. ყოველი ასაკობრივი ჯგუფის ცდისპირებმა, ყველაზე პატარებმაც კი, ისე აღიქვეს ეს სიტუაცია, თითქოს ამ ბიჭს ნაკლები შეეძლო. მასწავლებლის ქცევაში მათ შემდეგი მესიჯი ამოკითხეს: „საწყალო ბავშვო, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება, მოდი, დაგეხმარები".
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მასწავლებელი მუდამ კრიტიკული უნდა იყოს და არ დაეხმაროს მოსწავლეებს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს მოწმობს, რომ „ქება როგორც ნუგეში" მარცხის გამო ან ზედმეტი მზრუნველობა სხვაგვარად შეიძლება იქნეს აღქმული. გრეჰემი ვარაუდობს, რომ მოსწავლეები შესაძლოა მასწავლებელთა სიბრალულის მსხვერპლად იქცნენ. იმ რეალური პრობლემების შემყურე მასწავლებელმა, რომლებსაც მოსწავლეები აწყდებიან, შესაძლოა „შეამსუბუქოს" მოთხოვნები, რომ მოსწავლეებმა „წარმატებას მიაღწიონ", მაგრამ ამ სიბრალულს, ქებას, დახმარებას შესაძლოა ასეთი ქვეტექსტი ჰქონდეს: „შენ არ შეგწევს უნარი, თავი გაართვა ამ სირთულეს, ასე რომ, მე გადავხედავ შენს შედეგებს". გრეჰემი ამბობს: „ყველაზე მართებული იქნება, ვკითხოთ მოსწავლეებს, ხომ არ ხდებიან წარუმატებლობის შემთხვევაში მასწავლებელთა კეთილგანწყობილი უკუკავშირის სამიზნე და, ამდენად, მცირე შესაძლებლობებზე გადაკრული სიტყვების ადრესატები". ასეთი მოწყალე უკუკავშირი, თუნდაც კეთილი განზრახვით ნათქვამი, შესაძლოა დიდ ხიფათს შეიცავდეს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ მოსწავლეს არ სჭირდება დახმარება და არ ითხოვს ამას, ზედმეტი მზრუნველობა შემთხვევაში შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. არათუ სხვების აღქმაში, მის ფსიქიკაშიც შემდეგი შინაარსის ჯაჭვი ყალიბდება: „მგონია, რომ შემიძლია ამის გაკეთება - დახმარებას არ ვითხოვ, მაგრამ მასწავლებელი მოდის და მეხმარება. გამოდის, რომ არ შემძლებია". დიდია ალბათობა, ამგვარმა აზრებმა მოსწავლის თვითშეფასებასა და თვითაღქმაზე უარყოფითად იმოქმედოს.
No comments:
Post a Comment