განათლების სფეროში საერთაშორისო დონეზე შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემების, ან სისტემის კონკრეტული მახასიათებლების შედარება. ეროვნულ დონეზე ხშირად იკვლევენ გატარებული რეფორმების ეფექტურობას, აფასებენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთივე კვლევების ჩატარება შესაძლებელია რეგიონის დონეზეც: შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონის შედარება სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით და ა.შ.
კვლევის ჩატარება შესაძლებელია სკოლის, ან თუნდაც კლასის დონეზეც. ასეთი ტიპის კვლევას პრაქტიკული საკლასო კვლევა ეწოდება და მისი ჩატარება შეუძლია როგორც ერთ მასწავლებელს, ასევე რამდენიმეს ერთად. შესაბამისად, ასეთ კვლევას თავად პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ.
პრაქტიკული საკლასო კვლევის მიზნები
პრაქტიკული კვლევა კლასში მასწავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემდგომი გაანალიზების პროცესია. მის უმთავრეს მიზანს, როგორც წესი, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება, მათი სოციალური და სხვა უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნების მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორც წესი, მათ ხშირად უწევთ სწავლების მრავალი სტრატეგიიდან ერთ-ერთის ამორჩევა, რომლის წარმატებაც დამოკიდებულია არა-ერთ ფაქტორზე (მოსწავლეთა რაოდენობაზე, საგანზე და ა.შ.) კვლევა სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ახალი სტრატეგია და მეთოდები მოსწავლეთა საჭიროებებს მოერგოს, გათვალისწინებული იყოს მათი გამოყენების მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები. მასწავლებ-ლებს პრაქტიკული კვლევის საშუალებით შეუძლიათ დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა -არა. პრაქტიკული კვლევა მათ საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში საფუძვლიანი და დასაბუთებული, ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება
იმისათვის, რომ კარგად ჩამოაყალიბოთ საკვლევი საკითხი, დაფიქრდით: რა სახის პრობლემებია ყველაზე მეტად თვალშისაცემი თქვენს კლასში? რისი გაუმჯობესება გინდათ? შეგიძლიათ ჩამოწეროთ ასეთი პრობლემების/გამოწვევების/სუსტი მხარეების სია და შემდეგ შეარჩიოთ ყველაზე პრიორიტეტული.
კარგ საკვლევ საკითხს სამი ძირითადი მახასიათებელი უნდა ჰქონდეს: 1. საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი საგნისათვის და სასწავლო პრაქტიკისათვის; 2. კვლევის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ კონკრეტულ ქმედებამდე, უნდა შეცვალოთ ან შეინარჩუნოთ სწავლების არჩეული სტრატეგია; 3. საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლევის განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძა-ლისხმევის ოპტიმალური გამოყენების თვალსაზრისით.
საკვლევი საკითხი შეიძლება აღწერილობითი ხასიათის იყოს, მაგალითად: "რამდენი მოსწავლე ასრულებს მიცემულ დავალებებს რეგულარულად, დროულად და ხარისხიანად?" ზოგიერთი საკვლევი საკითხი შესაძლოა მიზნად ისახავდეს განსხვავებულ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას. მაგალითად, "ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?" ხშირად მასწავლებლების მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს შეკითხვას: "რა გავლენას ახდენს X ფაქტორი მოსწავლის აკადემიურ მიღწევაზე?" X ფაქტორი შეიძლება იყოს მეცადინეობისთვის გამოყოფილი დრო, მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ა.შ.
კვლევის გამოყენება, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლებელია ამა თუ იმ სწავლების სტრატეგიის, ახალი მეთოდის გამოსაცდელად. ამ შემთხვევაში, საკვლევი საკითხი შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგალითად, თუ თქვენ უცხო ენის მასწავლებელი ხართ და ამჩნევთ, რომ ბავშვებმა გრამატიკული წესები კარგად იციან, მაგრამ უცხო ენაზე ზეპირ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, საკვლევი საკითხი ასე განსაზღვრეთ: "როგორ შემიძლია მოსწავლეებს განვუვითარო უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები?", "ავითარებს თუ არა დიალოგების ზეპირად სწავლა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს?”
განსჯა, განხილვა
მას შემდეგ, რაც საკვლევი საკითხი ჩამოყალიბებულია, მოაგროვეთ ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ. შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარაუდო პასუხი/პასუხები საკვლევ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ თქვენი საკვლევი საკითხია: "ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?", მოიძიეთ პროფესიული ლიტერატურა კლასში აქტიურობასა და ტეს-ტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირზე; შეეცადეთ, გაარკვიოთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში; ჰკითხეთ აზრი კოლეგებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება.
თუ თქვენს საკვლევ ინტერესს სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტურობის შესწავლა წარმოადგენს (მაგალითად, დიალოგების დაზეპირება უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასავითარებლად), მოიძიეთ პროფესიული ლიტერატურა ამ საკითხის ირგვლივ, განიხილეთ ეს საკითხი უცხო ენის სხვა მასწავლებლებთან ერთად. შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუყენებიათ თუ არა ეს მეთოდი სხვა სკოლებში, სხვა მასწავლებლებს და ა.შ.
კვლევის დაგეგმვა
შეადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც ჩამოაყალიბებთ საკვლევ შეკითხვას და ასევე იმას, თუ როგორ აპირებთ სასურველი მონაცემების შეგროვებას. აუცილებლად დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რამდენი დრო დასჭირდება მონაცემების შეგროვებას? რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ კვლევის დროს? როგორ შეინახავთ მონაცემებს?
კვლევის ჩატარების არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწეროთ თქვენი მოსაზრებები თითოეული გაკვეთილის შემდეგ, შეადგინოთ კითხვარები, ჩაატაროთ საკლასო დაკვირვება, ჩაიწეროთ აუდიო-მასალა და ა.შ. სანამ უშუალოდ მონაცემების მოგროვებაზე გადახვალთ, აუცილებლად კარგად ჩამოაყალიბეთ, რა ტიპის მონაცემები გჭირდებათ, რა სიხში-რით უნდა შეაგროვოთ ისინი და ა.შ.
თუ სწავლების ახალი მეთოდის, ან სტრატეგიის ეფექტურობის კვლევა გსურთ, ახალი მასალის ახსნის დროს შეგიძლიათ ერთი მეთოდი ერთ კლასში გამოიყენოთ, მეორეში კი ახსნა ძველი მეთოდით განაგრძოთ. ის კლასი, სადაც ახალ მეთოდს იყენებთ, ექსპერიმენტული კლასი იქნება, ხოლო ის, სადაც ძველი მეთოდით აგრძელებთ მუშაობას, საკონტროლო კლასად დარჩება. ახალი მასალის დამუშავების შემდეგ შეადარეთ ერთმანეთს ექსპერიმენტული და საკონტროლო კლასის მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონე და სათანადო დასკვნაც გამოიტენეთ: გაამართლა თუ არა სწავლების ახალმა მეთოდმა? უნდა გახსოვდეთ, რომ ექსპერიმენტულ და საკონტროლო კლასებში მოსწავლეებს დაახლოებით ერთნაირი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ.
ასევე შეგიძლიათ ახალი მიდგომები სხვადასხვა პერიოდში გამოიკვლიოთ. მაგალითად, თუ გინდათ, გამოსცადოთ, რამდენად ამართლებს ჯგუფური მუშაობის პრინციპი ამა თუ იმ საგანში, ეს მიდგომა ერთი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, მომდევნო თვეში კი -არა. შემდეგ შედეგები ერთმანეთს შეადარეთ.
მონაცემების შეგროვება
საკლასო კვლევის დროს მონაცემები შესაძლოა იყოს რაოდენობრივი (მაგ. ტესტებში მიღებული ნიშნები, გამოკითხვის შედეგები) ან თვისებრივი (მაგ. დიალოგები, ფოკუსჯგუფებსა თუ კლასში ჩატარებული განხილვების ჩანაწერები). შეგიძლიათ კვლევა იმ მონაცემებით დაიწყოთ, რომლებიც უკვე გაქვთ: საშინაო დავალებების ნიშნები, ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები, საკლასო წერის ნიშნები და ა.შ. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, ისეთი მონაცემები შეარჩიეთ, რომელთა შეგროვება და გაანალიზებაც შედარებით მარტივია. მაგალითად, თუ გინდათ, დაადგინოთ, რა გავლენას ახდენს ოჯახური პირობები ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, დაუსვით შეკითხვები მშობლებს. თუ გსურთ კლასში აქტიურობასა და ტესტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირის დადგენა, შეადგინეთ ბავშვებზე დაკვირვების ფორმა, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, რამდენად აქტიურად ებმებიან ისინი საკლასო განხილვებში (მოსწავლის აქტიური მონაწილეობა შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ იმით, თუ რა სიხშირით პასუხობს იგი დასმულ შეკითხვებს, ან თავად სვამს მათ, არამედ იმით, თუ რა ტიპის შეკითხვებს სვამს და რამდენად კარგად პასუხობს).
ზოგადად, უნდა შეეცადოთ, სხვა-დასხვა ტიპის მონაცემები შეაგროვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანმიმდევრული ხართ. ეს საშუალებას მოგცემთ, შედეგი სხვადასხვა წყაროდან გადაამოწმოთ, რაც თქვენს კვლევას მეტ სანდოობას შესძენს. მაგალითად, თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ესა თუ ის მეთოდი, შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ საგამოცდო ნიშნებზე, გაკვეთილის განმავლობაში აქტიურობაზე, დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ასევე საინტერესო ინ-ფორმაციას მიიღებთ, თუ მოსწავლეებს სწავლების მეთოდის შეფასებას სთხოვთ.
მონაცემების გაანალიზება
მონაცემთა ანალიზის მიზანს საინტერესო ტენდენციების აღმოჩენა წარმოადგენს, მაგალითად, სწავლების ახალი მეთოდის გამოყენების შედეგად გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეების შედეგები? არის თუ არა კავშირი სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის? მონაცემთა ანალიზის შედეგად თქვენ კვლევის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოთ.
მოქმედება
მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაბამისი ზომების მიღებისას გაითვალისწინეთ. გახსოვდეთ, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. მაგალითად, თუ სწავლების ახალი მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ზრდის, განაგრძეთ ამ მეთოდის გამოყენება და უფრო ფართოდ დანერგეთ იგი. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის მეთო-დი არ ამართლებს და მისი დახმარებით ვერ აღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გქონდათ, დაუბრუნდით ძველ მეთოდებს.
განხილვა და გაზიარება
გაუზიარეთ თქვენი დასკვნები კოლეგებს. შეგიძლიათ კვლევის შედეგების განხილვა მოაწყოთ საგნობრივ კათედრებზე, სხდომებზე, მშობლებთან და ბავშვებთან. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ საკუთარ კვლევას გადახედავთ და ნახავთ, რამ იმუშავა კარგად და რამ - არა. შესაძლოა, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სხვა, ახალი კვლევის საჭიროებაც გაჩნდეს. კვლევის პროცესი ციკლურია და ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ახალი ეტაპი იწყება.
რაც მთავარია, პრაქტიკული საკლასო კვლევის ჩატარება ძალიან ადვილია. სინამდვილეში, ამას ბევრი მასწავლებელი ყოველდღიურად აკეთებს (მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ მონაცემების შეგროვება და შენახვა, მოსწავლეებზე დაკვირვება, ახალი სასწავლო მეთოდების გამოცდა). როცა ამ მოქმედებებს ორგანიზებული და სტრუქტურირებული სახე აქვს, გაცილებით მეტი სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელსაც მასწავლებელი გააანალიზებს და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
|
No comments:
Post a Comment